ევროპის საპატენტო ოფისი „ბიოქიმფარმის“ საქმიანობით დაინტერესდა. სააგენტოს პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი საწარმოს პირადად ეწვია. მასთან ერთად „ბიოქიმფარმში“ „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძეც იმყოფებოდა.

მაღალი რანგის სტუმრებმა, მოინახულეს ბიოქიმფარმის ევროპული GMP სტანდარტებით სერტიფიცირებული ფაგების ისტორიული საწარმო და ფაგიოსა და სხვა ფაგების პრეპარატების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნენ.

სტუმრებს საწარმოო ტურზე ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა და კომპანიის გუნდმა უმასპინძლეს. მხარეებმა განიხილეს ფაგოთერაპიისა და ფაგების ტექნოლოგიის განსაკუთრებული როლი, რომელსაც ის ასრულებს ანტიბიოტიკორეზისტენტობასთან ბრძოლაში და ზოგადად ინტელექტუალური საკუთრებისა და პატენტების მნიშვნელობა ეკონომიკური ღირებულების შექმნაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ბიოქიმფარმმა უმასპინძლა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაგოთერაპიის მზარდ მნიშვნელობასა და საქართველოს პოტენციალს ამ მიმართულებით. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და განვითარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შექმნისთვის. გვიხარია, რომ ამ მიმართულებით გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან. ბიოქიმფარმი არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც მიღებული აქვს და ფლობს ფაგებისა და ბიოფარმაცევტული მიმართულებით ევროპულ პატენტს და ჩვენთვის საამაყო და სასიხარულოა აღნიშნული ვიზიტით კომპანიის ამ მიღწევის დაფასება.“ - განაცხადა ბიოქიმფარმის გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა.

ბიოქიმფარმი არის ერთადერთი GMP-სერტიფიცირებული და ავტორიზებული ფარმაცევტული მწარმოებელი საქართველოში, რომელიც აწარმოებს სტერილურ სითხოვან დოზირებულ ფორმებსა და ფაგებზე დაფუძნებულ სამკურნალო საშუალებებს. ამავე დროს კომპანია არის ფაგებზე დაფუძნებული სამკურნალო საშუალებების ერთადერთი ექსპორტიორი ფართო რეგიონსა და საერთაშორისო ბაზრებზე.