კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა - სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ბერულავამ და ეკონომიკური კონკურენციის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სალომე კუპატაძემ, OECD-GVH-ის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში - „ფარმაცევტული ბაზრები და კონკურენცია“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების მონაწილეებმა ფარმაცევტულ სექტორში კონკურენციის სამართლის სპეციფიკური საკითხები და რეგულირების თავისებურებები, ასევე აღსრულების პრაქტიკული მექანიზმები მიმოიხილეს. საერთაშორისო სემინარს ევროკომისიის, გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრების ორგანოს, იტალიის, ლიეტუვის, უნგრეთისა და სხვა ქვეყნების კონკურენციის უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სემინარის ფარგლებში, მარიამ ბერულავამ პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: „ჭარბი ფასები ფარმაცევტულ ბაზარზე – GCCA-ის გამოცდილება“. პრეზენტაციაში განხილული სააგენტოს პრაქტიკა, ანალიზის მეთოდოლოგია და ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც ფარმაცევტულ ბაზრებზე შესაძლო კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი ქცევის შეფასებისას გამოიყენება.

OECD-GVH RCC OECD-ისა და უნგრეთის კონკურენციის ორგანოს ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კონკურენციის პოლიტიკისა და აღსრულების გაძლიერებას.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და პროფესიული ცოდნის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ფარმაცევტულ, ისე სხვა სტრატეგიულ ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიმართულებით.