გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობამ 704 713 ადამიანი შეადგინა.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, წინა წლებში ეს მაჩვენებელი ასეთი იყო:
2024 წელი - 671 337
2023 წელი - 656 128
2022 წელი - 659 005
2021 წელი - 587 524.
საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებზე დანახარჯების ზრდას ნიშნავს, რადგან მოსახლეობის ეს კონტინგენტი არაერთი შეღავათიანი პირობით სარგებლობს.
მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
„დღეისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და ფინანსური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა აღემატება 185 ათასს, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა შეადგენს 710 ათასს. ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით. სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა არაერთხელ გამხდარა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. 2012 წლის შემდეგ, 2-ჯერ გაიზარდა იმ ქულის მაჩვენებელი, რომელიც შემწეობის მიღება განსაზღვრავს, ქულა რომ არ გაზრდილიყო, შედარებით შეძლებულებისთვისაც რომ არ დაენიშნა შემწეობა, დღეისთვის, შემწეობის მიმღებ ოჯახთა რაოდენობა იქნებოდა 120 ათასი 185 ათასი ოჯახის ნაცვლად.
ფაქტია, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა შესაბამისობაში ვერ მოდიოდა იმ აღიარებულ ეკონომიკურ წარმატებასთან, რომელიც ქვეყანას ჰქონდა ბოლო წლები. ამ მიზეზთა გამო, იქმნებოდა ნიადაგი აღნიშნული რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად. დროა წერტილი დაესვას პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამ მიზნით, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტო იწყებს ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის გადამოწმების აქტიურ ფაზას. ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“,- აღნიშნა მინისტრმა.





