გაზრდილი სასამართლო დავების ფონზე ექიმებისა და კლინიკების წინააღმდეგ საქართველოში ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა პაციენტთან სწორი კომუნიკაციის აუცილებლობა. სტატისტიკის თანახმად, სამედიცინო შეცდომებისა და კლინიკების მიმართ პაციენტთა საჩივრების თითქმის 70% არა ექიმის არაკომპეტენტურობას, არამედ არასწორ კომუნიკაციას ეხება.
როგორ უნდა გვესაუბროს ექიმი? როგორ უნდა გვითხრას რთული დიაგნოზი ისე, რომ იმედი არ დავკარგოთ? რა უნდა ვიცოდეთ პაციენტებმა, ჩვენი უფლებების შესახებ კაბინეტში შესვლისას? ამ თემებზე საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი მეგი საჯაია საუბრობს.
_ საჩივრების 70% კომუნიკაციაზე მოდის. რატომ უჭირთ დღეს ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთის გაგება და რამდენად მნიშვნელოვანია ექიმებისთვის კომუნიკაციის სტანდარტების ცოდნა.
- ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მხოლოდ ზუსტი დანიშნულების დაწერა საკმარისი აღარ არის. თუ ექიმმა ვერ შეძლო პაციენტის მოკავშირედ გადაქცევა, ყველაზე ძვირადღირებული მკურნალობაც კი შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. სამედიცინო შეცდომების პრევენცია იწყება არა საოპერაციოში, არამედ კაბინეტში -ექიმის მისალმებიდან. ეს ნიშნავს, რომ პაციენტები სასამართლოში ან რეგულირების სააგენტოში უჩივიან არა მხოლოდ არასწორ დიაგნოზს, არამედ - დამოკიდებულებას. უჩივიან უყურადღებობას, უხეშობას, ინფორმაციის დაუმალვასა და ემპათიის ნაკლებობას.
როგორც ჰარვარდის უახლესი კვლევები გვიჩვენებს, ეს მხოლოდ „წყენა“ არ არის. ამ დაუმყარებელ კომუნიკაციას, როცა ექიმმა რისკი არ აუხსნა ან პაციენტმა დანიშნულება ვერ გაიგო, მივყავართ უმძიმეს გამოსავლამდე. ანუ, სიტყვას პირდაპირ შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას. ექიმები კვლავ ინარჩუნებენ ე.წ. „ზემოდან ქვემოთ“ ყურების პოზიციას. საუბრობენ რთული, პროფესიული ტერმინებით, რაც პაციენტისთვის უცხო ენაა. პაციენტს ეშინია ან რცხვენია კითხვის დასმა, თავს უქნევს, თუმცა რეალურად ვერაფერი გაიგო. დღეს ექიმები უზარმაზარი დროითი წნეხის ქვეშ მუშაობენ. მსოფლიო კვლევები აჩვენებს, რომ ექიმი პაციენტს საუბარს საშუალოდ 11 წამში აწყვეტინებს. როდესაც ექიმს მხოლოდ სიმპტომის ჩაწერა აინტერესებს და ავიწყდება მის წინ მჯდომი შეშინებული ადამიანი, იქ ნდობა ინგრევა. სტანდარტი არ არის უბრალოდ „ზრდილობის წესი“. საერთაშორისო პრაქტიკით და ჩვენი გაიდლაინით, კომუნიკაციის სტანდარტი არის ექიმის იურიდიული და პროფესიული ჯავშანი.
როდესაც ექიმმა იცის, როგორ უნდა შევიდეს პალატაში, როგორ უნდა გადაამოწმოს პაციენტისგან ინფორმაცია და როგორ უნდა აუხსნას რისკი, ის იცავს პაციენტის სიცოცხლესაც და საკუთარ თავსაც პოტენციური საჩივრებისგან.
- გაურკვევლობა ჩნდება მაშინ, როდესაც ექიმი საუბრობს სამედიცინო ტერმინოლოგიით ან ნიშნავს კვლევებს თუ მედიკამენტებს, რომელიც პაციენტის აზრით საჭრო არ არის. ხშირად დამატებითი შეკითხვების დასმაც უხერხულობას იწვევს.
- ექიმებისთვის რთული, ლათინური ტერმინოლოგია მათი ყოველდღიურობაა, მაგრამ პაციენტისთვის ეს სტრესის და შიშის გამომწვევია. ექიმმა უნდა გააცნობიეროს, რომ პაციენტი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი არ არის. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ექიმი ვალდებულია ისაუბროს მარტივი, პაციენტისათვის გასაგები ენით, რათა ადამიანმა ზუსტად გაიგოს, რა ხდება მის ორგანიზმში. დღეს მსოფლიო მედიცინა გადასულია „გაზიარებული გადაწყვეტილების მიღების“ მოდელზე. როდესაც ექიმი უბრალოდ წერს ძვირადღირებულ კვლევას და არ ხსნის მის მიზანს, პაციენტს უჩნდება განცდა, რომ მას უბრალოდ „ფულს ახდევინებენ“. ექიმის ვალდებულებაა, აუხსნას პაციენტს „რატომ?“: „ამ კვლევას იმიტომ ვნიშნავთ, რომ გამოვრიცხოთ X საფრთხე. თუ ამას არ გავაკეთებთ, რისკი არის Y.“ როცა პაციენტმა იცის მიზეზი, ის პროცესის მოკავშირე ხდება და ეჭვები ქრება.
პაციენტებს ხშირად რცხვენიათ შეკითხვის დასმა, რადგან ეშინიათ, არ გამოჩნდნენ „უვიცები“ ან არ გააღიზიანონ ექიმი. აშშ-ის პაციენტთა უსაფრთხოების ფონდს აქვს ძალიან ცნობილი კამპანია სახელად „მკითხე 3“. ჩვენც უნდა ვასწავლოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ კაბინეტიდან არ გამოვიდნენ, სანამ ამ 3 კითხვაზე მარტივ პასუხს არ მიიღებენ: რა არის ჩემი მთავარი პრობლემა, რა უნდა გავაკეთო ახლა? რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკეთო?
იცით რა არის ყველაზე ცუდი ინდიკატორი? როდესაც პაციენტი გამოდის ექიმის კაბინეტიდან და თავისი დიაგნოზის ან დანიშნულების გადასამოწმებლად გუგლში იწყებს ძიებას. ეს ნიშნავს, რომ იქ, კაბინეტში, კომუნიკაცია არ შედგა. მედიცინა არ არის მონოლოგი, ეს არის დიალოგი. და ექიმმა უნდა შეუქმნას პაციენტს ისეთი უსაფრთხო გარემო, სადაც კითხვის დასმა სირცხვილი კი არა, აუცილებლობაა.
- ხშირად, ოპერაციის ან პროცედურის წინ გვაწერინებენ ხელს დოკუმენტებზე, რომლებსაც არც კი ვკითხულობთ. რას ნიშნავს რეალურად „ინფორმირებული თანხმობა“ და რატომ არის ის ექიმის სამართლებრივი უსაფრთხოების გარანტიც?
- მოდით, პირდაპირ ვთქვათ: დერეფანში, მუხლზე დადებულ ფურცელზე ნაჩქარევად მოწერილი ხელი, რომელსაც პაციენტი არ კითხულობს - არ არის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა არის პროცესი და არა უბრალოდ დოკუმენტი. ეს არის ექიმსა და პაციენტს შორის შემდგარი საუბრის გვირგვინი, სადაც პაციენტმა ზუსტად იცის 3 რამ: რა სარგებელი მოაქვს ოპერაციას, რა არის ალტერნატივა და რა არის რისკი.
ეს არის პაციენტის კონსტიტუციური უფლების - „პაციენტის ავტონომიის“ აღიარება. ადამიანს უფლება აქვს, თავად განკარგოს საკუთარი სხეული. თუ მას სამედიცინო ჟარგონით აუხსნეს რისკები და მან ვერაფერი გაიგო, მისი თანხმობა სამართლებრივად ბათილია, რადგან ის ინფორმირებული არ ყოფილა.
ექიმებს ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ფურცელზე ხელმოწერა აქვთ, სასამართლოში დაცულები არიან. ეს ილუზიაა. თანამედროვე იურიდიულ დავებში, თუ პაციენტი იტყვის: „კი, ხელი მოვაწერე, მაგრამ ექიმს არ აუხსნია, რომ შეიძლებოდა ეს გართულება მომხდარიყო“, ექიმი სასამართლოს წააგებს. ექიმის ნამდვილი იურიდიული ჯავშანი არის მხოლოდ ის დრო და ის მარტივი სიტყვები, რომელიც მან ხელმოწერამდე პაციენტს დაუთმო. "ჩვენ ტრენინგებზე ვასწავლით ექიმებს: ინფორმირებული თანხმობის ფურცელი თქვენი იურიდიული ფარია მხოლოდ მაშინ, თუ მის უკან დგას პაციენტის ნამდვილი გაგება. თუ თქვენ რისკები აუხსენით და ბოლოს არ ჰკითხეთ პაციენტს: 'მოდით გადავამოწმოთ, როგორ გაიგეთ ის, რაც ახლა გითხარით?“ - ჩათვალეთ, რომ იმ ხელმოწერას ფასი არ აქვს. ნდობას ფურცელზე ხელის მოწერით ვერ მოიპოვებთ, ნდობა თვალებში ყურებით და გასაგები ენით საუბრით მოიპოვება.
- ზოგჯერ პაციენტის უკმაყოფილებას იწვევს კონსულტაციის მომენტში სტაჟიორების დასწრება. ამ შემთხვევაში თუ გვაქვს უფლება, დამსწრეების გარეშე მოვითხოვოთ კონსულტაციის მიღება?
- პაციენტს კანონით იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა უფლება. კაბინეტში, სადაც თქვენი ჯანმრთელობის დეტალები ირკვევა, უცხო პირების (მათ შორის, სტაჟიორების და რეზიდენტების) დასწრება თქვენი თანხმობის გარეშე, კანონდარღვევაა. პაციენტს რეალურად არც კი უნდა უწევდეს ამის მოთხოვნა. საერთაშორისო და ჩვენი სტანდარტით, ექიმი ვალდებულია, სანამ კაბინეტში სტუდენტებს შემოიყვანს ან გასინჯვას დაიწყებს, პაციენტს წინასწარ სთხოვოს ნებართვა. თუ პაციენტი იტყვის უარს, თუნდაც ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე, ექიმმა დაუყოვნებლივ უნდა სთხოვოს სტუდენტებს ოთახის დატოვება. ეს ექიმს არ უნდა ეწყინოს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. იგივე ხდება პაციენტის თანმხლებ პირზეც. ექიმმა ცალკე უნდა ჰკიტხოს პაციენტს, აქვს თუ არა მას სურვილი კონსულტაციას დაესწროს მისი თანმხლები პირი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიწვიოს ის კონსულტაციაზე. გვესმის, რომ სტუდენტების და რეზიდენტების სწავლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ისინი სხვანაირად ვერ ისწავლიან. მაგრამ საუნივერსიტეტო კლინიკა არ ნიშნავს პაციენტის უფლებების გაუქმებას. განათლება არასოდეს უნდა ხდებოდეს პაციენტის კომფორტის, საიდუმლოების და ღირსების ხარჯზე.
- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი „ცუდი ამბის“ მიწოდებაა. არის თუ არა რაიმე სტანდარტი ან ოქროს წესი, როგორ უნდა უთხრას ექიმმა პაციენტს მძიმე დიაგნოზი ისე, რომ დაიცვას პროფესიული ეთიკაც და პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც?
- სიმართლის თქმა არ ნიშნავს სისასტიკეს. როდესაც პაციენტს ეუბნები, რომ მას მძიმე დაავადება აქვს - ეს არის ეთიკა და კანონი. მაგრამ, როდესაც ამას ეუბნები ისე ემპათიურად, რომ პაციენტი კაბინეტიდან გამოსვლისას გრძნობს: დიახ, წინ მძიმე ბრძოლა მელოდება, მაგრამ მე ამ ბრძოლაში მარტო არ ვარ, ჩემი ექიმი ჩემს გვერდით დგას - აი, ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი და ხელოვნება.
დიახ, სტანდარტი არსებობს, - SPIKES პროტოკოლი. ცუდი ამბის თქმა არ არის ინტუიციაზე მინდობილი პროცესი. მსოფლიოში არსებობს ოქროს სტანდარტი, ე.წ. შეტყობინების პროტოკოლი.
კატეგორიულად დაუშვებელია მძიმე დიაგნოზის (მაგალითად, სიმსივნის) თქმა დერეფანში, ფეხზე მდგომმა, კარის ზღურბლიდან ან ტელეფონით! ექიმი აუცილებლად უნდა დაჯდეს პაციენტის პირისპირ, რათა იყოს მასთან ერთ თვალის დონეზე (ეს შლის ძალაუფლების ბარიერს) და შექმნას მყუდრო გარემო.
ექიმმა დიაგნოზი პირდაპირ, მეხის გავარდნასავით არ უნდა „მიახალოს“ პაციენტს. სტანდარტი მოითხოვს ფსიქოლოგიურ მომზადებას: „სამწუხაროდ, კვლევის პასუხები ისეთი არ არის, როგორიც ჩვენ გვინდოდა“. უმძიმესი სიტყვის თქმის შემდეგ, ექიმი ვალდებულია გაჩუმდეს. პაციენტს სჭირდება რამდენიმე წამი, რომ შოკი გადახარშოს. ამ დროს ექიმის მხრიდან სამედიცინო ტერმინების რაკრაკი აბსოლუტურად უსარგებლოა, პაციენტს აღარ ესმის. ტაბუდადებული ფრაზაა: „ჩვენ მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია.“
თანამედროვე ბიოეთიკაში ეს ფრაზა ექიმის ლექსიკონიდან ამოღებულია. მედიცინაში ყოველთვის შეიძლება რაღაცის გაკეთება. როცა განკურნება შეუძლებელია, ექიმის მოვალეობა იცვლება, მაგრამ არ სრულდება. საუბარი ყოველთვის უნდა დასრულდეს კონკრეტული, თუნდაც პატარა გეგმით, რომ პაციენტმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს.
- ჩვენს საზოგადოებაში არის შიში - „სხვა ექიმთან რომ წავიდე და გადავამოწმო დიაგნოზი, ჩემს მკურნალ ექიმს ეწყინება“. აქვს თუ არა პაციენტს ამის უფლება?
- აქ ხაზს გავუსვამ, რომ ეს კანონით გარანტირებული უფლებაა. თანამედროვე, ეთიკური ექიმისთვის ეს არ არის შეურაცხყოფა; პირიქით, პროფესიონალი ექიმი თავად უწყობს ხელს პაციენტს „მეორე აზრის“ მოძიებაში და გადასცემს მას ყველა საბუთს. ასევე პაციენტს სთავაზობს მკურნალობის ალტერნატიულ გზებს, ესაუბრება მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე.
- სულ ვსაუბრობთ ექიმის ვალდებულებებზე, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს პასუხისმგებლობა... როგორც კომუნიკაციის ექსპერტი, რას ურჩევთ პაციენტებს ექიმთან ურთიერთობისას?
- მოვუწოდებ პაციენტებს, არასოდეს დატოვონ კაბინეტი კითხვების გარეშე. არ მოერიდოთ თქმა: „ექიმო, უკაცრავად, ვერ გავიგე, შეგიძლიათ უფრო მარტივად ამიხსნათ?“ როგორც ვთქვი, ამერიკაში არსებობს ერთი ძალიან გენიალური და მარტივი წესი, რომელსაც 'მკითხე 3' ჰქვია. ჩემი რჩევა იქნება: არასოდეს დატოვოთ ექიმის კაბინეტი ისე, რომ არ დაუსვათ მას ეს 3 კითხვა: 1. რა არის ჩემი მთავარი პრობლემა? 2. რა უნდა გავაკეთო? და 3. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკეთო? გახსოვდეთ, ამ კითხვების დასმა არ არის ექიმის შეწუხება, ეს არის თქვენი ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე მოკლე და სანდო გზა. ექიმები კი ვალდებულები არიან, ამ კითხვებზე მარტივად და გასაგებად გიპასუხონ.





