ახლო მომავალში იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების, მათ შორის დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტები იმ ახალი პროგრამებით სარგებლობას შეძლებენ, რომელთა დაწყებაც ჯანდაცვის მინისტრმა გასულ კვირაში დააანონსა. საუბარია სამ დაავადებაზე -  დიუშენის კუნთოვან დისტროფიაზე, ბეკერის კუნთოვან დისტროფიასა და სპინალურ კუნთოვან ატროფიაზე.

პაციენტებს - როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებს - შესაძლებლობა ექნებათ, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები, სახელმწიფო დაფინანსებით მიიღონ. 


აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, შეხვდა ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს, რომელთაც აქვთ ინტერესი, პროგრამაში ჩაერთონ და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი მიმდინარეობის მონიტორინგია, სიახლის ამოქმედებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. 


პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის/ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.