ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ, ირანში, ლიბანსა და ისრაელში 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 12500-ზე მეტი დაშავდა. ეს მონაცემები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გამოაქვეყნა.

„ირანში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 9000 დაშავდა, ლიბანში მინიმუმ 570 დაღუპული და 1400-ზე მეტი დაშავებულია, ხოლო ისრაელში - 15 დაღუპული და 2142 დაშავებული“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

გებრეისუსმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმების რაოდენობა იზრდება. 28 თებერვლიდან მოყოლებული, ჯანმო-მ ირანში 18 თავდასხმა დააფიქსირა, ლიბანში 25, ხოლო ისრაელში - ორი. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი თავდასხმები არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას კრიტიკულ სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის საშუალებას ართმევს.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.

საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისრაელის წინააღმდეგ მასშტაბური კონტრშეტევა გამოაცხადა. დარტყმები ასევე განხორციელდა ამერიკულ ობიექტებზე ბაჰრეინში, იორდანიაში, კატარში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში.