28 ივლისი ჰეპატიტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშრებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც
ჰეპატიტების პრევენციასთან დაკავშრებით არსებული გამოწვევები და მიღწევები შეჯამდა.
მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით, ჯანდაცვის მინისტრმა მიმართა. მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევებსა და B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში თენგიზ ცერცვაძეს ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე - მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
შეხვედრაზე ელიმინაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ასპექტებზე,გადაცემის პრევენციაზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან, ქვეყანაში, მოქმედებს B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო, სრულად ფარავს სკრინინგულ და დაიგნოსტიკურ კვლევებს, ასევე, პაციენტებს, უსასყიდლოდ, გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა და დღემდე, პროგრამაში, 91 300-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო, მკურნალობა დაასრულა 87 000-მა მოქალაქემ, განკურნების მაჩვენებელია 98.5%. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისები, როგორც დიაგნოსტიკა, ისე - სამკურნალო მედიკამენტი, ფინანსდება სრულად სახელმწიფოს მიერ და არ ითვალისწინებს თანაგადახდას, პაციენტის მხრიდან.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მარინე ეზუგბაია. ასევე - მედიკოსები, პაციენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
"საქართველო, მოგეხსენებათ, ჰეპატიტების ელიმინაციის თვალსაზრისით მოწინავეა. მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ აიღო ვალდებულება ებრძოლოს ამ ვერაგ დაავადებას. მე დღეს, ორი ძირითადი გზავნილი მაქვს: პირველი ეს არის ის, რომ ყველამ ჩაიტარეთ B და C ჰეპატიტის სკრინინგი, ეს სიცოცხლის გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს იქნება ასევე, ნაბიჯი, რომელიც მოახდენს ღვიძლის ცეროზისა და სიმსივნის პრევენციას. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მომავალი თაობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად არის, ის რომ ყველა ახალშობილი პირველი 24 საათის განმავლობაში უნდა იქნეს ვაქცინირებული," - განაცხადა სილვიუ დომენტემ.