ბადურის დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მხედველობის გაუარესების თვალსაზრისით. ამ დროს შესაძლოა დაზიანდეს როგორც პერიფერიული, ისე ცენტრალური მხედველობა ან დადგეს სრული სიბრმავე. ზოგადად, ამ ტიპის დაავადებებიდან ჩვენთვის ასზე მეტი მათგანია ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი პათოლოგიაა დიაბეტური რეტინოპათია, რომელიც იწვევს მხედველობის დაქვეითების შეუქცევად პროცესს, მის სრულ დაკარგვამდე. ამიტომ აუცილებელია მხედველობის მონიტორინგი, რათა ადრეული დიაგნოსტიკით მოხდეს აღნიშნული პათოლოგიების არიდება. 


დიაბეტის მქონე ადამიანების თვალის ჯანმრთელობის დაცვისთვის ერთიანდებიან ენდოკრინოლოგები და ოფთალმოლოგები. ისინი საინფორმაციო კამპანიის — „აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე“ — ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ექიმების გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას დიაბეტური რეტინოპათიის - თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადების შესახებ.


დაავადების დროული გამოვლენისა და სიმძიმეზე გვესაუბრება კლინიკა “დავინჩის” დირექტორი, ოფთალმოლოგი თეკლა მამაგეიშვილი:


- დიაბეტური რეტინოპათია არის თვალის ბადურა გარსის დაავადება გამოწვეული შაქრიანი დიაბეტით, რომელიც მხედველობის გაუარესებისა და ხანგრძლივი განვითარების შემთხვევაში მისი შეუქცევადი დაქვეითების მიზეზად გვევლინება.

- თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხშირია დიაბეტური რეტინოპათია საქართველოში?

- საქართველოში  შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი საკმაოდ მაღალი და მზარდია, შესაბამისად,  ხშირია დიაბეტური რეტინოპათიით გართულებულ პაციენტთა რაოდენობა. დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა  30-35%-ს აღენიშნება დიაბეტური რეტინოპათიისათვის დამახასიათებელი სხვადასხვა ნიშანი - სტადიების შესაბამისად. 

- რა საფრთხეებს იწვევს და რატომ არის მისი დროული აღმოჩენა მნიშვნელოვანი?

- როგორც ყველა დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც, დროულ დიაგნოსტიკას კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება,  რადგან აღნიშნული დაავადება მხედველობის დაქვეითებას იწვევს და  ხშირ შემთხვევებში შეუქცევად პროცესებამდეც მივყავართ.

-  რა საფრთხის წინაშე არიან პაციენტები ყველაზე ხშირად მხედველობის ჯანმრთელობის კუთხით და როგორ ავიცილოთ ისინი? კერძოდ, როცა  დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ოფთალომოლოგთან ვიზიტზე არ მიდის და ა.შ.


-  დიაბეტური რეტინოპათიის რამოდენიმე სტადია არსებობს და აღსანიშნავია ის, რომ საწყის სტადიებზე იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო როცა პაციენტი მხედველობის გაუარესების გამო ექიმს მიმართავს, ხშირად დაავადების შორსწასული ფორმა დიაგნოსტირდება. ამიტომ აუცილებელია ყველა პაციენტი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირების შემდეგ, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია. .დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს სტადია და შესაბამისად, დაინიშნოს მკურნალობა. 

- რა სიმპტომები ახასიათებს დიაბეტურ რეტინოპათიას? რა დროს იზრდება ოფთალმოლოგთან მიმართვიანობა, ანუ ძირითადად, როდის თვლის პაციენტი, რომ სჭირდება თვალების შემოწმება?

- დამახასიათებელი სიმპტომებია მხედველობის დაბინდვა, ცენტრალური მხედველობის გაუარესება, ასევე უეცრად მხედველობის დაკარგვა,  თვალის წინ დიდი ზომის მცურავი შავი ლაქების გაჩენა. 

- როგორია დიაბეტური რეტინოპათიის თანამედროვე მკურნალობის მეთოდები და რამდენად ეფექტურია ისინი?
 

- დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდია, რომელიც უნდა ჩატარდეს სტადიისა და ჩვენების მიხედვით: ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და თანამედროვე მკურნალობა გულისხმობს თვალშიდა ინექციების წარმოებას, რომელიც აფერხებს დაავადების პროგრესირებას. დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობაში ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული ბადურის ლაზერული ფოტოკოაგულაცია. ხოლო რაც შეეხება ქირურგიულ ჩარევებს, მას ოფთალმოლოგები მიმართავენ დაავადების შედარებით შორს წასულ სტადიებზე.

- როგორ შეუძლია ოფთალმოლოგებისა და ენდოკრინოლოგების ერთობლივ ძალისხმევას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება?

- რადგან დიაბეტური რეტინოპათია შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი გართულებაა, რა თქმა უნდა, ენდოკრინოლოგების ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანია დაავადების მართვასა და მკურნალობაში. მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით მიიღწევა წარმატებული შედეგი. სისტემური დაავადებების რეგულირება უფრო ეფექტურს ხდის დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობას. 

- 3 რჩევა, რომელსაც მისცემდით შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტს მხედველობის შესანარჩუნებლად…

- პირველი და უმთავრესი,  მიმართეთ ენდოკრინოლოგს. თუ თქვენი მშობლები ავად არიან შაქრიანი დიაბეტით, ასევე შაქრიანი დიაბეტის დაფიქსირების შემთხვევაში გაიარეთ ოფთალმოლოგის კონსულტაციაც და მესამე რჩევა, მხედველობის გაუარესების მცირე ნიშნების შემთხვევაშიც კი მიმართეთ ოფთალმოლოგს.

- რატომ არის მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია “აკონტროლე მხედველობა მარტივად დიაბეტის დროს #სულრომგვხედავდე” და როგორ შეუწყობს ის ხელს ცნობიერების ამაღლებასა და ადრეულ დიაგნოსტიკას?

- მნიშვნელოვანია  გავრცელდეს ინფორმაცია დროული დიაგნოსტიკის შესახებ, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა აუცილებლად გაიარონ კონტროლი ოფთალმოლოგთან. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტთა ცნობიერების ამაღლების მხრივ, ამაში, ალბათ, ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რადგან ბევრი პაციენტი არსებობს, რომელიც უკვე მოგვმართავს არსებული კამპანიის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროულ დიაგნოსტიკას სათანადო მკურნალობის დროულ და ეფექტურ ჩატარებას და მხედველობის შენარჩუნებას -  სულ რომ ხედავდეს.