ალკოჰოლი ევროპაში კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია, ამიტომ ექსპერტები მოითხოვენ, რომ მთავრობებმა უფრო ეფექტიანი პოლიტიკა განახორციელონ ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვის მიზნით, რაც ყოველწლიურად კიბოსა და გარდაცვალების ათასობით შემთხვევას აგვარიდებდა თავიდან.

კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, მხოლოდ ევროკავშირში, სადაც ალკოჰოლის მოხმარება მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, 2020 წელს ალკოჰოლი კიბოს 111 000 შემთხვევის მიზეზი გახდა.

მსოფლიოს მასშტაბით კი ეს რიცხვი 741 ათასია. ამასთან, კიბოს შემთხვევების თითქმის 70% მამაკაცებზე მოდის.

ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გარდა, ალკოჰოლი უკავშირდება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს: ჯანმოს მონაცემებით, კიბოსგან ნაადრევი გარდაცვალების შემთხვევებმა, რომლებიც ალკოჰოლს უკავშირდება, 2018 წელს ევროპის რეგიონს 4,58 მილიარდი ევროს ზარალი მოუტანა.

„ჯანმო-ს ევროპის რეგიონი და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნები ძალიან მაღალ ფასს იხდიან ალკოჰოლში, რომელიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას და ოჯახების დანგრევას, ეს ასევე მილიარდობით დოლარი უჯდებათ გადასახადის გადამხდელებს“, - განაცხადა დოქტორმა გუნდო ვეილერმა, რომელიც ჯანმო-ს ევროპის ოფისში პრევენციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიმართულებას ხელმძღვანელობს. 

„ზოგი ალკოჰოლს „კულტურულ მემკვიდრეობას“ უწოდებს, მაგრამ დაავადება, სიკვდილი და ინვალიდობა არ უნდა იყოს ნორმალიზებული, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი“, - დასძინა მან.

როგორ უკავშირდება ალკოჰოლი კიბოს

IARC-მა ალკოჰოლი პირველად 1988 წელს დააკლასიფიცირა, როგორც კანცეროგენული პროდუქტი. მისი თქმით, ალკოჰოლი ზრდის კიბოს მინიმუმ შვიდი სახეობის განვითარების რისკს, მათ შორის პირის ღრუს, ხახის, ხორხის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და ქალის სარძევე ჯირკვლის კიბოს.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი კიბოს იწვევს მრავალი მექანიზმით, მათ შორის ჰორმონების დონის შეცვლით, ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებებით და დნმ-ის დაზიანებით ოქსიდაციური სტრესისა და ეთანოლში არსებული მეტაბოლიტის აცეტალდეჰიდის შედეგად.

ალკოჰოლის შემცირება ან მის მოხმარებაზე საერთოდ უარის თქმა კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

ანგარიშის თანახმად, ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს უმეტესობა დაკავშირებულია „სარისკო“ სმასთან (დღეში ორიდან ექვს სასმელამდე) და „ჭარბ“ სმასთან (დღეში ექვს სასმელზე მეტი).

თუმცა, „ზომიერი“ სმაც კი (დღეში ორ ჭიქაზე ნაკლები)  2020 წელს პასუხისმგებელი იყომსოფლიოში კიბოს 100 000-ზე მეტ ახალ შემთხვევაზე.

რისკების შემცირების სტრატეგიები

კვლევა ნათლად ადასტურებს, რომ მოსახლეობის მასშტაბით ალკოჰოლური პოლიტიკა ამცირებს სმას, ეს კი ამცირებს კიბოს რისკს.

ამ მდგომარეობის გამოსწორებისთვის სააგენტომ მოითხოვა ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა გადასახადების გაზრდა, მინიმალური ფასები და ალკოჰოლის მიღების დასაშვები ასაკის გაზრდა. ასევე ალკოჰოლური სასმელების საცალო ვაჭრობის შეზღუდვა, გაყიდვების საათების ან დღეების დარეგულირება, ალკოჰოლის მარკეტინგის აკრძალვა და მთავრობის მიერ კონტროლირებადი ალკოჰოლის გაყიდვების პრაქტიკის შემოღება.

IARC-ის თქმით, ეს პოლიტიკა ხელს უწყობს სმის შემცირებას და, თავის მხრივ, კიბოს რისკის შემცირებას.