პლასტმასის გავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან მაღალია, ამიტომ, სახელმწიფომ, ამ ორივე მიმართულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რომ არ დასჭირდეს,  აღნიშნული ნარჩენების წარმოქმნა უნდა შემცირდეს,

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია ნარჩენების წარმოქმნის შემცირება და არა - შემდგომი რეციკლირება ან ხელახალი გამოყენება ან ნარჩენების განთავსება.

მისი შეფასებით, საქართველოში აღნიშნული ნივთიერებით გარემოს დაბინძურების დონე კატასტროფულად მაღალია. ეს ნარჩენები აზიანებს გარემოს, ხელს უშლის აკვაკულტურის განვითარებას.

„შავი ზღვა ძალიან დაბინძურებულია სწორედ პლასტმასის ნარჩენებით. შესართავებია შესწავლილი და 1 კვადრატულ მეტრზე 4 ნარჩენი ფიქსირდება, საიდანაც სამი პლასტმასია. გარემოზე მიყენებული ზიანი იმდენად დიდია, რომ ეს გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენასაც. ამიტომ პრევენციაზე ხარჯების გაწევა ღირს,  ვიდრე ჯანმრთელობისთვის და ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. უნდა ავწონოთ, რომელია მნიშვნელოვანი. ჩვენი გათვლებით, რა თქმა უნდა, პრევენციაა მნიშვნელოვანი, რათა არ მოგვიწიოს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა პლასტმასის ბოთლების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმლის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.

დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. კერძოდ, აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).

როგორც მთავრობაში აღნიშნავენ, მიღებული დადგენილების მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: პლასტმასის ნაკეთობები, მათ შორის სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის პროდუქცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს გარემოსა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე. მათი დაშლის პროცესი ასეულობით წლის განმავლობაში გრძელდება, რის შედეგადაც პლასტმასი გროვდება ნიადაგში, წყალსატევებსა და ზღვებში, აზიანებს სანიტარულ სისტემებს და ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას, რაც საბოლოოდ იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევას.

ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41 %-ს შეადგენს.