თირკმლის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, მარტის მეორე ხუთშაბათს აღინიშნება. მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ყურადღების გამახვილება თუ როგორ დავიცვათ თირკმელი და ავირიდოთ თირკმლის ქრონიკული დაავადებები.


მსოფლიოში დაახლოებით 850 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიით; შემთხვევათა დაახლოებით 90%-ში პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია საკუთარი დიაგნოზის შესახებ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რადგან შესაძლოა განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. გარდა ამისა, თირკმლის ქრონიკული დაავადებები მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკს, ამცირებს სიცოცხლის ხარისხს და, შესაძლოა, პროგრესირდეს ტერმინალურ სტადიამდე. ასეთ შემთხვევებში, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, აუცილებელი ხდება დიალიზი ან ტრანსპლანტაცია.
თირკმლის ქრონიკული დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ ოჯახურ ანამნეზში თირკმლის დაავადების მქონე პირებსა და დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის დიაგნოზის პაციენტებს.


8 ოქროს წესი თირკმლის დაავადების თავიდან ასაცილებლად
• იყავით ფიზიკურად აქტიური
• იკვებეთ ჯანსაღად (მათ შორის, მარილის მიღება ≤ 5 გრ დღეში)
• აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე
• უარი თქვით თამბაქოზე
• ნუ მიიღებთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე
• რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა
• თუ რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებით, ჩაიტარეთ გამოკვლევები.

საქართველოში მოქმედებს „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც უზრუნველყოფს თირკმლის ტერმინალური უკმარისობით დაავადებულთა მკურნალობას და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.


თირკმლის ქრონიკული დაავადების გავრცელების შესამცირებლად საუკეთესო საშუალება პრევენციაა.