ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი სამედიცინო ტურიზმს აზიანებს, პირველ რიგში ეს ინდოეთს ეხება. ამიტომ ქვეყნის საავადმყოფოები სხვა ბაზრებს ითვისებენ. ამის შესახებ გამოცემა economictimes-ი წერს და აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ინდოეთში სამედიცინო ტურისტების ნაკადი მნიშვნელოვნად დააზიანა. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შეეხო, საიდანაც ინდოეთი ბევრ სამედიცინო ტურისტს იღებდა. ამიტომ ბევრმა კლინიკამ თუ ქსელმა გადაწყვიტა, უარი თქვას  ერთ რეგიონზე მიჯაჭვულობაზე და ყურადღება სხვა ბაზრებისკენ მიმართოს, რათა შემოსავლები შეინარჩუნოს.

ინდოეთის წამყვანი საავადმყოფოები – ისეთები, როგორიცაა Apollo Hospitals, Fortis Healthcare, Manipal Hospitals და HealthCare Global Enterprises –ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან (ომანი, საუდის არაბეთი, ირანი და სხვა)  პაციენტების დიდ ნაკადებს ძველებურად ვეღარ იღებენ, რადგან კონფლიქტის გამო ავიამიმოსვლა და მოგზაურობა თითქმის შეჩერებულია. 


არადა ეს რეგიონი ინდოეთის საავადმყოფოებისთვის საკმაო შემოსავლების წყარო იყო: ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ პაციენტებს ხშირად სჭირდებოდათ რთული ოპერაციები და ისინი თანხას უცხოურ ვალუტაში იხდიდნენ, რაც საავადმყოფოებისთვის ძალიან მომგებიანი იყო. 


რა გეგმა აქვს ინდოეთის საავადმყოფოებს? 

მათ დაიწყეს ფოკუსის გადატანა სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის და ცენტრალური აზიის ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა სამედიცინო ტურიზმზე მზარდია.

ბევრი კლინიკა ასევე აძლიერებს დისტანციურ კონსულტაციებს და „მეორე მოსაზრების“ მომსახურებას.


ინდოეთის სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია დაახლოებით 7–8 მილიარდ აშშ დოლარს მოიცავს, და ახლო აღმოსავლეთი აქ მნიშვნელოვან წილს შეადგენდა – დაახლოებით 18%-ს საერთაშორისო პაციენტებიდან 2024 წლის მონაცემებით. საავადმყოფოების წარმომადგენლების აზრით, ინდოეთის პოზიციები ბაზარზე მაინც მდგრადი რჩება — ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწრაფი მომსახურება და შედარებით დაბალი ღირებულება სხვა ქვეყნებთან შედარებით.