ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარეწ, დუბაიში, ჯანმო-ს ლოჯისტიკური ცენტრის ოპერაციები შეჩერდა.
ამ საკითხზე განცხადებები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანან ბალხიმ, ორგანიზაციის ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულები არიან ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტებით, რომლებიც აშშ-სა და ისრაელის სამიზნეა. მან განაცხადა: „ამ დროისთვის ირანში დაახლოებით 1000 ადამიანი დაიღუპა, ლიბანში 50, ისრაელში 13 და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში 11“.
გებრეისუსმა აღნიშნა, რომ ჯანმო-მ დაადასტურა ირანსა და ლიბანში ჯანდაცვის სერვისებზე რამდენიმე თავდასხმა და განაცხადა, რომ ჯანდაცვის სერვისები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტი იძულებით გადაადგილების მიზეზი გახდა და აღნიშნა, რომ ირანი ამ დროისთვის დაახლოებით 100 000 ადამიანმა დატოვა, ხოლო ლიბანში 60 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია.
გებრეისუსის თქმით, დუბაიში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური საგანგებო სიტუაციების ლოჯისტიკური ცენტრია, ამჟამად უსაფრთხოების მიზნით ოპერაციები შეჩერებულია.
ჯანმო-ს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონულმა დირექტორმა, ბალხიმ, კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში დაძაბულობა სწრაფად ვრცელდება, რაც სერიოზულ შედეგებს იწვევს როგორც მშვიდობიან მოსახლეობაზე, ასევე რეგიონში ჯანდაცვის სისტემებზე.
მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 7000 დაშავდა და დასძინა, რომ ისინი ყველაზე მეტად შეშფოთებულნი არიან ჯანდაცვის სისტემაზე თავდასხმებით.
ბალხიმ განაცხადა: „ჯანმომ გასულ კვირას ირანში ჯანდაცვის დაწესებულებებზე 13 თავდასხმა და ლიბანში ერთი თავდასხმა დაადასტურა.“
მისივე თქმით, საჰაერო სივრცის დახურვამ, ასევე ჰორმუზის სრუტეში ტვირთების გადაზიდვის შეზღუდვებმა, ჰაბის ოპერაციები „დროებით შეაჩერა“. მან თქვა, რომ შეფერხება ხელს უშლის დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული მარაგის მიღებას, ხოლო კიდევ 8 მილიონი დოლარის ტვირთი ჩიხშია და ვერ აღწევს დუბაიში მდებარე ჰაბამდე. „ამჟამად 25 ქვეყნიდან 50-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მოთხოვნა შეჩერებულია. ასევე შეჩერებულია ღაზასთვის განკუთვნილი 6 მილიონი დოლარის მედიკამენტების და 1.6 მილიონი დოლარის პოლიომიელიტის ლაბორატორიული მარაგები,“ - თქვა ბალხიმ.





