დანიურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Novo Nordisk-მა და ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Vivtex Corporation-მა განაცხადეს პარტნიორობის შესახებ, რომელიც სიმსუქნის, დიაბეტისა და მასთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებების მკურნალობისთვის ახალი თაობის ორალური ბიოლოგიური მედიკამენტების შემუშავებას ითვალისწინებს.
შეთანხმების თანახმად, Vivtex-ი Novo Nordisk-ს ორალური მედიკამენტების მიწოდების შერჩეულ ტექნოლოგიებზე ლიცენზიას გადასცემს, ხოლო Vivtex-ი უფლებამოსილია მიიღოს წინასწარი ანაზღაურება და ეტაპობრივი გადახდები, რომელთა ჯამური ოდენობა 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდეა, ასევე ეტაპობრივი ჰონორარები პროდუქტის გაყიდვებიდან მომავალში.
„ახლახან გამოვუშვით მსოფლიოში პირველი პერორალური ბიოლოგიური პრეპარატი სიმსუქნის სამკურნალოდ. ჩვენ ვაგრძელებთ მეცნიერების საზღვრების გაფართოებას როგორც შიდა, ასევე გარე ინოვაციების გზით, რათა შევასრულოთ ჩვენი მისია - ვუმკურნალოთ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ სიმსუქნით, დიაბეტით და მათთან დაკავშირებული თანმხლები დაავადებებით“, - განაცხადა ბრაიან ვანდალმა, „ნოვო ნორდისკის“ წარმომადგენელმა.
თანამშრომლობის მიზანია ბიოლოგიური პრეპარატების პერორალური ფორმების შექმნა, რადგან ტრადიციულად ეს მიმართულება ინექციის ფორმებით შემოიფარგლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცუდი შეწოვის გამო.
„ბიოლოგიური პრეპარატების პერორალური მიღება წამლების მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა“, - განაცხადა Vivtex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, თომას ფონ ერლახმა.
ბიოლოგიური პრეპარატების პერორალურ რეჟიმში გადაყვანას ერთ-ერთ რთულ გამომწვევად აფასებს Vivtex-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი თომას ფონ ერლახი და ამბობს, რომ მისი კომპანია სწორედ ამ პრობლემის სისტემატურად გადასაჭრელად დაარსდა. მისივე თქმით, შემუშავების პროცესში ჩართული იყო ხელოვნური ინტელექტი ანალიტიკასთან ინტეგრირებით.
„Novo Nordisk-თან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ჩვენი პლატფორმა მეტაბოლური დაავადებების მნიშვნელოვან სფეროებში, იმ მიზნით, რომ შევქმნათ პერორალური თერაპიები, რომლებიც სხვა შემთხვევაში ინექციას მოითხოვდა,“ - აღნიშნა ერლახმა.
Vivtex-ის პლატფორმა აერთიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სკრინინგის მრავალ ანალიზს, წამლის მიწოდების ტექნოლოგიებს, გამოთვლით სიმულაციას და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ბიოლოგიური პრეპარატების პერორალური მიწოდების ოპტიმიზაციისთვის.
კვლევისა და ფორმულირების შერჩევის შემდეგ, Novo Nordisk აიღებს პასუხისმგებლობას გლობალურ განვითარებაზე, მარეგულირებელ საქმიანობაზე, წარმოებასა და მიღებული პროდუქტის კომერციალიზაციაზე.





