2025 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 37 867 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 19 856 ბიჭი და 18 011 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით 4.1 პროცენტითაა შემცირებული (2024-ში ეს მონაცემი 39 483 იყო).
მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
წლების მონაცემებით ჩანს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, შობადობა ყოველწლიურად მცირდებოდა.
საქსტატის მონაცემებითვე, 2025 წელს ყველაზე ცოტა ბავშვი (191) რაჭა-ლეჩხუსა და ქვემო სვანეთში დაიბადა. წინა წელს ამ რეგიონში დაბადებულთა რიცხვი 237-ს შეადგენდა.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 35.9 პროცენტიდან 36.6 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა და შეადგინა 32.9, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 29.1 პროცენტი.
2025 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 23.2 პროცენტიდან 21.9 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი გაიზარდა 69.5 პროცენტიდან 70.4 პროცენტამდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 7.3 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე გაიზარდა.
რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 2025 წელს 44 319 ადამიანი გარდაიცვალა.
2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 0.8 პროცენტით მეტია და 44 319 ერთეული შეადგინა.
2025 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 452 ერთეულით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელიც გაზრდილია - წინა წელს ის -4 488-ს შეადგენდა.




