WMDA - World Marrow Donor Association არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ძვლის ტვინის დონორთა რეესტრებს და ტრანსპლანტაციის ცენტრებს მთელ მსოფლიოში. ის ქმნის გლობალურ ბაზას დონორების შესახებ, ეხმარება ექიმებს, რომ პაციენტისთვის იპოვონ შესაბამისი დონორი ნებისმიერ ქვეყანაში, ასევე ადგენს უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს.
ორგანიზაციაში ამა თუ იმ ქვეყნის წევრობა ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნის დონორთა რეესტრი ჩართულია საერთაშორისო სისტემაში, პაციენტებს აქვთ წვდომა მსოფლიო დონორებზე და თავადაც შეუძლიათ სხვა ქვეყნების პაციენტების დახმარება.
კლინიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, World Marrow Donor Association -ის მადრიდში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე ქართულ ჯგუფს პროფესორი გოჩა ინგოროყვა ხელმძღვანელობდა. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ფარგლებში, შედგა ცენტრის ოფიციალური წარდგენა როგორც WMDA-ს ახალი წევრის, რაც, ცენტრის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ღონისძიებაზე გაიმართა სესია “Taking Care of Our New Members”, სადაც ცენტრი ინტერვიუს ფორმატში წარსდგა.
„WMDA-ს წევრობა, ჩვენთვის, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ეტაპს ქვეყნის ტრანსპლანტაციის სფეროს განვითარებაში. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ხდება გლობალური დონორული ქსელის ნაწილი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტებისთვის, შესაბამისი დონორის მოძიების შანსს და სიცოცხლის გადამრჩენი ტრანსპლანტაციის ხელმისაწვდომობას.
ჩვენთვის ეს არა მხოლოდ აღიარებაა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც — დავნერგოთ საერთაშორისო სტანდარტები, გავაძლიეროთ ხარისხი და უსაფრთხოება, და აქტიურად ჩავერთოთ გლობალურ სამედიცინო თანამშრომლობაში. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო განვავითაროთ დონორთა ბაზა საქართველოში და გავხდეთ სანდო პარტნიორი საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად შევძლოთ მეტი სიცოცხლის გადარჩენა,“ - განაცხადა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ქოჩორაშვილმა.





