2026 წელს მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული 11-17 მაისს აღინიშნება. კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მარილის ჭარბი მოხმარებით გამოწვეულ ჯანმრთელობის ზიანზე და ფოკუსირებულია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში მარილის მოხმარების დღიური რაოდენობის 5 გრამამდე შემცირებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებით.

კვირეული ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას მარილის ჭარბი მოხმარების შემცირებისათვის მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.მარილიანი საკვები ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკს, თუმცა რეალურად, ჭარბი მარილის უარყოფითი ზემოქმედება გაცილებით მასშტაბურია.

მარილის რეგულარულად ჭარბი მოხმარება აზიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს — გულს, ტვინს, თირკმელსა და სისხლძარღვებს. იგი ხელს უწყობს ისეთი მძიმე პათოლოგიების განვითარებას, როგორიცაა: გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ინსულტი, სისხლძარღვოვანი დემენცია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ოსტეოპოროზი და კუჭის კიბო.გლობალურად, სუფრის მარილის საშუალო დღიური მოხმარება ზრდასრულებში 10.78 გრამია, რაც 2-ჯერ აღემატება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ დოზას (5 გრ./დღეში). საქართველოში იგივე მაჩვენებელი 15.8 გრამს შეადგენს.მიუხედავად აღნიშნული საფრთხეებისა, მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ აჭარბებს მარილის მოხმარების რეკომენდებულ ნორმას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ მიღებული მარილის ძირითადი წილი არა სახლში მომზადებულ კერძებზე, არამედ იმ მზა პროდუქტებზე მოდის, რომლებსაც ყოველდღიურად ვყიდულობთ.მარილის მოხმარების 5 გრამამდე შემცირებით მომდევნო 15 წლის განმავლობაში საქართველოში 10 000 ადამიანს გადავარჩენთ.