დიდმა ბრიტანეთმა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მედიკამენტების დეფიციტი ჯერჯერობით თავიდან აიცილა. თუმცა სავაჭრო ჯგუფ Medicines UK-ის ცნობით, ტვირთების გადაზიდვის ფასების ზრდა წამლების მწარმოებლების მოგებას ამცირებს და მალე შეიძლება ფასების ზრდა, მარაგების დეფიციტი ან ორივე ერთად გამოიწვიოს.

ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ სამუელსმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს მედიკამენტების დეფიციტისგან ერთი ნაბიჯი აშორებს, თუკი  არასტაბილურობა გაგრძელდება.


მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვები გრძელდება, მისი თქმით, იაფი ჯენერიკების მწარმოებლები, რომლებიც მედიკამენტების უმეტესობას შეადგენენ, ისედაც ზეწოლის ქვეშ არიან ტრანსპორტირების მაღალი ხარჯებისა და გადაზიდვის შეფერხებების გამო. თუ ტვირთის გადაზიდვის ხარჯები გაიზრდება, მწარმოებლებმა შესაძლოა ვეღარ შეძლონ ამ განსხვავების კომპენსირება.

„თუ კონფლიქტი გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება, მაშინ ვფიქრობ, რომ მწარმოებლები ვეღარ შეძლებენ ხარჯების ანაზღაურებას და შემდეგ გვექნება ან ფასების ზრდა, ან მიწოდების პრობლემა, ალბათ ორივე ერთად“, - განუცხადა სამუელსმა Reuters-ს.


მან თქვა, რომ პატენტგარეშე მედიკამენტები განსაკუთრებით დაუცველია, რადგან დაპატენტებული მედიკამენტებისგან განსხვავებით, მათი მოგების მარჟა იძლევა მხოლოდ მცირე შესაძლებლობას, ტვირთის გადაზიდვის მაღალი ხარჯების გასაწევად და იზრდება რისკი, რომ ზოგიერთი პროდუქტი ზარალიანი გახდეს, შედეგად კი მიწოდებას საფრთხე შეექმნეს.

ორშაბათს, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი უკვე აფერხებს სპარსეთის ყურეში კრიტიკულად მნიშვნელოვანი მედიკამენტების ნაკადს, საფრთხეს უქმნის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ტემპერატურისადმი მგრძნობიარე სხვადასხვა მედიკამენტის მიწოდების მარშრუტებს, რადგან კომპანიებმა ფრენები გადამისამართეს და სახმელეთო ალტერნატივებს ეძებენ.