ექნება თუ არა რაიმე გავლენა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას საქართველოზე ეკოლოგიური კუთხით და, შესაბამისად - არსებობს თუ არა პოტენციური საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობისთვის? ეს კითხვები ენერგოობიექტების დაბომბვის ფონზე გაჩნდა. თემაზე სიუჟეტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოამზადა. როგორც პირველ არხთან საუბარში გარემოსდამცველი აცხადებს, ჰაერის ხარისხზე და რადიაციულ ფონზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება და ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე არ არსებობს.


სიუჟეტის თანახმად, ირანში და რეგიონის სხვა ქვეყნებში საწვავის საცავებსა და ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სპარსეთის ყურის ქვეყნების  ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესდა. აფეთქების არეალებში დაფიქსირდა მუქი ღრუბელი და შავი წვიმა. უცხოური მკვლევარების შეფასებით, საწვავის საცავებზე თავდასხმით ჰაერში გამოიყოფა საშიში მასალები და ტოქსიკური ნივთიერებები, რაც ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საერთაშორისო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ნავთობის ობიექტების დაზიანება უშუალოდ ირანში და მის სიახლოვეს ქმნის რისკს, რომ დაბინძურდეს საკვები, წყალი და ჰაერი — ეს საფრთხეები შეიძლება განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენდეს ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა ქართველი გარემოსდამცველების თქმით, ეს საფრთხე ამ ეტაპზე საქართველოსთვის პრაქტიკულად არ არსებობს.

„ეს საქართველოზე ვერ გავრცელდება, რადგან მნიშვნელობა აქვს, რომელ მხარეს დაუბერავს ქარი. გარდა ამისა, სანამ ის მოაღწევს საქართველომდე, უნდა გაიაროს ძალიან ბევრი ადგილი, სადაც დალექვა მოხდება. ანუ ყველაზე ნაკლებადაა შესაძლებელი, რომ საქართველოში რამე იყოს,“ - განაცხადა ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ.

რაც შეეხება წყლის დაბინძურებას, გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთვის ირანის ტერიტორიიდან საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან მდინარე არაქსი, რომელიც მტკვრის უდიდესი შენაკადია, მიედინება თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ირანის ტერიტორიაზე და საქართველოსთან შემხებლობა არ აქვს, მითუმეტეს, რომ ჩრდილოეთ ირანში არაფერი არ ხდება ისეთი, რომ დაბინძურდეს. თუ კონფლიქტმა დიდი მასშტაბი მიიღო და ახლო აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ჩაერთო კონფლიქტში, უკვე სხვა ეტაპზე გადავალთ და სხვა ტიპის დაკვირვება უნდა ვაწარმოოთ,“ - აღნიშნა ჩხობაძემ.