არაგადამდები დაავადებები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ისინი ამცირებენ სამუშაო ძალის მონაწილეობას და - შედეგად - ოჯახის შემოსავალს, საერთო პროდუქტიულობას და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს. 

ამის შესახებ ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში.“ 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ავადობის მაჩვენებელი სამუშაო ასაკის მოსახლეობაში იწვევს როგორც სამსახურის გაცდენას, ასევე სამსახურში პროდუქტიულობის შემცირებას.
ამასთან, არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ზრდამ შესაძლოა ადამიანები სრულად გამოთიშოს შრომის ბაზრიდან.

ეს ფაქტორები, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აფერხებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და მის შესაძლებლობას, მიაღწიოს მდგრადი განვითარების მიზნებს.

ავტორების თქმით, შესაბამის ინვესტიციას შეუძლია მკვეთრად შეამციროს არაგადამდები დაავადებების ეკონომიკური ტვირთი და შექმნას შთამბეჭდავი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური დივიდენდები, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ჯანსაღი და უფრო სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრესის მნიშვნელობას 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, მათ შორის არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის ამჟამინდელი მაჩვენებლის ერთი მესამედით შემცირების აუცილებლობას.


„ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს მიუხედავად, საჭიროა მეტი ქმედება საქართველოში არაგადამდები დაავადებების მზარდი წილის შესაცვლელად ავადობასა და სიკვდილიანობაში. შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებებს და მის გრძელვადიან პოლიტიკურ მიმართულებას,“ - აღნიშნავენ ანგარიშის ავტორები.


დოკუმენტის თანახმად, არაგადამდები დაავადებები საქართველოში სიკვდილიანობის 93%-ს იწვევს და ქვეყანას ყოველწლიურად უჯდება მინიმუმ 3 მილიარდი ლარი, ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის 6.16%-ია.

ანგარიშში ასევე წერია, რომ ინვესტირება პრევენციასა და კონტროლში აუცილებელი და ეკონომიკურად მომგებიანია; თითოეულ ჩადებულ 1 ლარზე სარგებელი აღწევს 19.6 ლარს (მარილის შემცირების შემთხვევაში) და 12.2 ლარს (თამბაქოს კონტროლის შემთხვევაში).

ძირითადად, საუბარია შემდეგ დაავადებებზე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები და დიაბეტი.