2026 წლის 1 აპრილიდან კანონი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ სრულად შედის ძალაში, მათ შორის, ამოქმედდება სისხლისა და სისხლის კომპონენტის გაღების უანგარობის პრინციპი.
საკითხზე დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს.
კანონპროექტის თანახმად, სისხლის დაწესებულებათა სისტემაში სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ერთი ცენტრალური სისხლის დაწესებულებით, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, აგრეთვე სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე, ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.
კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილისთვის მოქმედი სისხლის დაწესებულებები მომავალშიც შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას. ამავე დროს, ისინი ვალდებული იქნებიან: 2030 წლის 1 ოქტომბრამდე ეტაპობრივად უზრუნველყონ კანონით და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებთან და ახალ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა. 2026 წლის 1 აპრილიდან ახალ სუბიექტებზე საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია აღარ გაიცემა;
ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2030 წლის 1 აპრილამდე, უზრუნველყონ კანონის მოთხოვნების შესაბამისად უანგარობის პრინციპის დაცვა (ანაზღაურებადი დონაციების რაოდენობასთან უანგარო დონაციების თანაფარდობა სალიცენზიო პირობებით განისაზღვრება).
2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედი სისხლის დაწესებულებები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით, უფლებამოსილი იქნებიან, დარეგისტრირდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით და მიმართონ ლიცენზიის გამცემ ორგანოს უკვე გაცემულ ლიცენზიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით 2026 წლის 1 ივნისამდე. ამავე დრომდე ის იურიდიული პირი, რომელიც სტაციონარული დაწესებულების ნებართვასთან ერთად 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ფლობს საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას, უფლებამოსილი იქნება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დააფუძნოს სისხლის დაწესებულება
რაც შეეხება უანგარო დონაციას, განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს პრინციპი გულისხმობს პირის მიერ სისხლის ან მისი კომპონენტის უანგაროდ, ფულადი ანაზღაურების ან ფულადი ანაზღაურების ტოლფასი სარგებლის გარეშე გაღებას. ასევე სისხლის მოქმედი ბანკები ვალდებულნი ხდებიან, სრულად მოვიდნენ შესაბამისობაში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად დადგენილ სალიცენზიო პირობებთან.
იქვე აღნიშნულია, რომ ახალი მიდგომების ცხოვრებაში გატარება საჭიროებს გონივრულ, ხშირად - საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს, მათ შორის, საკადრო რესურსების მობილიზების, სათანადო ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური მზაობისა თუ ლოჯისტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ დაფუძნდა და ფუნქციონირება დაიწყო ცენტრალურმა სისხლის დაწესებულებამ, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულად უნდა უზრუნველყოს რეციპიენტებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის მაღალი სტანდარტის სისხლისა და მისი კომპონენტების შეუფერხებელი ხელმისაწვდომობა, აგრეთვე სისხლსა და მის კომპონენტებზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტებზე, ქვეყნის მოთხოვნილების განსაზღვრა და მის დასაკმაყოფილებლად უსაფრთხო სტრატეგიული მარაგების შექმნა და მართვა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრალური სისხლის დაწესებულება ფუნქციონირების სასტარტო ეტაპზე იმყოფება, 2026 წლის 1 აპრილისთვის ქვეყანაში ერთი სისხლის დაწესებულების არსებობამ (რადგან კანონით დაშვებული სამი დაწესებულებიდან შექმნილია მხოლოდ ერთი) შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების საჭირო რაოდენობით მობილიზებას. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მოქმედ სისხლის დაწესებულებებს მიეცეთ ფუნქციონირების გაგრძელების შესაძლებლობა მათ მიერ კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების ეტაპობრივად სრულად დაკმაყოფილების პირობით.
თითოეულ ეტაპზე სალიცენზიო პირობების არასრულად დაკმაყოფილება გახდება სისხლის დაწესებულებისთვის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტის საფუძველი.
მჟამად საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიას ფლობს 23 სუბიექტი, მათ შორის, 17 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, 5 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 სააქციო საზოგადოება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში უანგარო დონაციების ხვედრითი წილი დონაციების სრული მოცულობის დაახლოებით 45-50 პროცენტს შეადგენს. იმისათვის, რათა უანგარო დონაციების შედეგად მიღებული სისხლითა და მისი კომპონენტებით სრულად დაიფაროს ქვეყნის მასშტაბით მათზე არსებული მოთხოვნა, საჭიროა, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება, ხოლო, მეორე მხრივ, თავად საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი დამოკიდებულებისა და ცნობიერების ამაღლება უანგარო დონაციის მნიშვნელობასა და მასთან მიმართებით საკუთარი წილი სოციალური პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით.
საამისოდ კი გამოყენებულ უნდა იქნეს სტრატეგიული მიდგომა - გააქტიურდეს მუშაობა საზოგადოების ფართო ფენებთან უანგარო დონორების მოზიდვისა და მათი რეგულარულ დონორებად შენარჩუნების მიმართულებით, წარიმართოს შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სოციალური ქსელების გამოყენებით და შესაბამისი ორგანიზაციების, სკოლების და უნივერსიტეტების ჩართულობით, გაიზარდოს საქართველოს მასშტაბით სისხლის შემგროვებელი მობილური და მუდმივი პუნქტების რაოდენობა, დაინერგოს სისხლისა და მისი კომპონენტების მარაგების მართვისთვის საჭირო ელექტრონული საინფორმაციო სისტემა და სხვა.
ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების გარეშე 2026 წლის 1 აპრილიდან უანგარობის პრინციპზე სრულად გადასვლა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს შეუქცევად პროცესებს საჭირო სისხლის მარაგების მობილიზების კუთხით. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის დონორობის უანგარობის პრინციპის ამოქმედების გონივრული პერიოდით გადავადება, მისი ეტაპობრივად ამოქმედების პრინციპით, რათა საფრთხე არ შეექმნას სისტემის მდგრადობას და ჰოსპიტალურ სექტორში სისხლისა და სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფის სახით ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 94 000 დონაცია ხორციელდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის შემუშავების პროცესი სამედიცინო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ფართო კონსულტაციების რეჟიმში წარიმართა და სექტორის მხრიდან საკმაოდ მწვავედ დადგა უანგარო დონაციის პრინციპის ამოქმედების გონივრული პერიოდით გადავადების საკითხი, ასევე გამოიკვეთა ცალკეული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა, რომლებიც ახლებურად მოაწესრიგებდა გარდამავალ პერიოდში სისხლის დაწესებულებების ინსტიტუციურ მოწყობასთან, აგრეთვე შესაბამისი პროფესიონალებისა და დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.




