საქართველოში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა გარდაცვალების, ასევე ნეონატალური (ახალშობილის სიცოცხლის პერიოდი დაბადებიდან დაახლოებით პირველი 28 დღის განმავლობაში) სიკვდილის მაჩვენებელი მცირდება, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიანიშნებს. 


მონაცემებს გაეროს ბავშვთა სიკვდილიანობის შეფასების უწყებათაშორისი ჯგუფი (UN IGME) ავრცელებს. მისი მონაცემებით, ქვეყანაში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1000 ცოცხლადშობილზე 8,6-ს, ხოლო ნეონატალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4,95-ს შეადგენს.

„ბოლო წლებში ეს მაჩვენებლები მცირდება, რაც მნიშვნელოვან პროგრესზე მიუთითებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში, თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ  თითოეული ბავშვის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანია მუშაობისა და ინვესტირების გაგრძელება - კვალიფიციური მედპერსონალის გაძლიერების, ხარისხიანი მოვლის, რუტინული ვაქცინაციის, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისა და ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით.