არგენტინის მიერ ერთი წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, შეწყდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მისი წევრობა, ძალაში შევიდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კირნომ განაცხადა. არგენტინამ გასვლის მიზეზად ორგანიზაციის მიერ პანდემიის მართვასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.

„ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას ორმხრივი შეთანხმებებისა და რეგიონული ფორუმების მეშვეობით, სრულად დაიცავს თავის სუვერენიტეტს და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას“, - დაწერა კვირნომ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე.

ზუსტად ერთი წლის წინ, არგენტინის მთავრობამ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს აცნობა ჯანმო-დან გასვლის განზრახვის შესახებ. პრეზიდენტმა ხავიერ მაილიმ ეს ნაბიჯი COVID-19 პანდემიის დროს ჯანმო-ს პოლიტიკასთან უთანხმოებით ახსნა.

მსგავსი გადაწყვეტილება არგენტინის გადაწყვეტილებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო და ეს გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს შევიდა ძალაში. ამგვარად, შეერთებული შტატები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დატოვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც 1948 წელს დაარსდა და 190-ზე მეტი წევრი ჰყავს. ტრამპმა ჯანმო კორუფციაში, არაეფექტურობასა და ჩინეთისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ზეწოლისადმი დამორჩილებაში დაადანაშაულა.

ჯანმო-დან ოფიციალური გასვლის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 260 მილიონი დოლარის ვალი დატოვა. აშშ-სა და არგენტინის გადაწყვეტილებების შემდეგ, ჯანმო-ს ხელმძღვანელობა პერსონალს ამცირებს. მოსალოდნელია, რომ ჯანმო-ს თანამშრომლების 25 პროცენტი წლის ბოლომდე სამსახურიდან გათავისუფლდება.