კერძო კომპანიებისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვის შემდეგ ეს პრეპარატები მკვეთრად გაიაფდა, თუმცა გაიზარდა მაღალი მოხმარების რისკი, რის გამოც სახელმწიფომ გასაცემი დოზების ლიმიტი შეზღუდა. თუმცა შესაძლოა, ეს უკანასკნელი რეგულაცია შერბილდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. ეგ შენ უნდა დაწერო


„შარშან აგვისტოს თვიდან სახელმწიფო გახდა ფსიქოტროპული ნივთიერებების ექსკლუზიური შემომტანი, იმპორტიორი  და საბითუმო რეალიზატორი. ამან ძალიან ბევრ ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე ფასების კლება გამოიწვია. 10-ჯერ, 20-ჯერ და კიდევ უფრო მეტად გაიაფდა ფსიქოტროპული ნივთიერებები. მაგრამ, მეორეს მხრივ, დადგა იმის საფრთხე, რომ გაზრდილიყო მათი მოხმარება. მსოფლიო სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საქართველო და ზოგადად, კავკასია ამ ნივთიერებების მაღალი მოხმარების მაჩვენებლით გამოირჩევა. ამიტომ საჭირო იყო ამ პროცესის მკაცრ ჩარჩოში მოქცევა და აქედან მოდის 14-დღიანი შეზღუდვა. თუმცა როცა პრაქტიკაში დავაკვირდით ამ რეგულაციის მოქმედებას, შეიძლება კეთილსინდისიერი მომხმარებლებისთვისაც გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ამიტომ ვაპირებთ, რომ ამ 14-დღიან შუალედს გადავხედოთ და ასევე საუბარია სააფთიაქო ქსელის გაფართოებაზე, მობილურ აფთიაქებზე მუნიციპალიტეტებში, ადგილზე მიტანაზე. აქტიურად ვმუშაობთ ამ თემაზე,“ - აღნიშნა წაქაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული წესით,

რეცეპტით ფსიქოტროპული მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის ესაა არაუმეტეს 14 დღის მარაგისა, ხოლო არასრულწლოვანისთვის - არაუმეტეს 30 დღის მარაგისა. ახალი რეცეპტის გამოწერა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ პაციენტს წამლის მხოლოდ ხუთი დღის მარაგი აქვს დარჩენილი.გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს.


მიზეზი, როგორც ჯანდაცვის უწყება განმარტავს, გამოვლენილი დარღვევებია - ფსიქოტროპული მედიკამენტები სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე ინიშნებოდა.