აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კობა ნაკაიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე ოსტეოპოროზის პრევენციული სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.


პროგრამის მიზანია ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მოტეხილობების და დაავადების გართულებების რისკს. სკრინინგი უტარდებათ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 50 წელს გადაცილებულ ქალებს და 60 წელს გადაცილებულ კაცებს რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით.

სკრინინგი  ითვალისწინებს დენსიტომეტრიულ კვლევას (რენტგენოაბსორბციული დენსიტომეტრია), რომელიც ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შეფასების ყველაზე ეფექტურია მეთოდია.


,,ოსტეოპოროზის სკრინინგზე მოქალაქეთა მომართვა მაღალია, აღნიშნულის გათვალისწინებით, შარშანდელთან შედარებით გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა. ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში ცხოვრების ხარისხისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად” - აღნიშნა მინისტრის მოადგილე, კობა ნაკაიძემ.


აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს მოსახლეობის ინფორმირებას და პრევენციული მომსახურებების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა რისკ-ჯგუფში მყოფმა მოქალაქეებმა დროულად ჩაიტარონ კვლევა და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მართვა.


მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში მომსახურებას 1 200-მდე ბენეფიციარი მიიღებს.  პროგრამა ხორციელდება „ევექსის“ და „სოლომედის“ კლინიკებში.