„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამაში, აპრილიდან, მომსახურებას დამატებით 300 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, ჯანდაცვისა და
სოციალური პროექტების სიახლეებზე საუბრისას, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერია განაგრძობს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების და მოზარდების აქტიურ მხარდაჭერას და შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.
„თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერას განაგრძობს და შესაბამის პროგრამაში ცვლილებებს მუდმივად ახორციელებს, რათა ვინმე არ დაგვრჩეს მხარდაჭერის გარეშე.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შედგენილი კომპლექსური თერაპიის სეანსები აპრილიდან 2 700 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
პროგრამის ბიუჯეტი, დაახლოებით, 13 000 000 ლარია და ბავშვსა და მოზარდზე მორგებული ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი 20 სეანსი ფინანსდება. თერაპიული სეანსები მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება. რაც შეეხება სერვისის განმახორციელებელ დაწესებულებებს, პერიოდულად მათი რიცხვიც იზრდება, რაც მისასალმებელია. დღეისთვის პროგრამას 15 ცენტრი ემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის სურვილია, რომ არ დარჩეს არცერთი ბავშვი თუ მოზარდი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე.
კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყების დროისთვის, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი, დაახლოებით, 500 000 ლარს შეადგენდა.





