ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელოვნური ინტელექტისა და ჯანმრთელობის ცენტრების გლობალურ კონსორციუმს ქმნის.

ესაა ორგანიზაციის ექვსივე რეგიონში არსებული წამყვანი ინსტიტუტების ქსელი,  რომელიც ქვეყნებს დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში. პირველი ასეთი ცენტრი, რომელიც ინიციატივას შეუერთდა, არის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TU Delft) ნიდერლანდებში. კონსორციუმის კანდიდატი წევრების პირველი შეხვედრა 17-19 მარტს დელფტში გაიმართა, სადაც ინსტიტუტები შეთანხმდნენ თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და მექანიზმებზე.


კონსორციუმის შექმნის მიზეზი გახდა ხელოვნური ინტელექტის გავლენის იმ სემინარის შედეგები, რომელიც 29 იანვარს ჯანმო-ს მხარდაჭერით გაიმართა. 

სემინარზე ხელოვნური ინტელექტის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ეთიკისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის 30-ზე მეტმა საერთაშორისო ექსპერტმა კონსენსუსს მიაღწია: გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი ფსიქიკური ჯანმრთელობის გავლენის ფაქტორი. ეს, პირველ რიგში, ჩატბოტებს ეხება, რომლებიც არ არის შექმნილი ან გამოცდილი ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, მაგრამ სულ უფრო ხშირად გამოიყენება ამ მიზნით. 
„ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად ურთიერთქმედებს ადამიანებთან ემოციური დაუცველობის დროს - ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ეს სისტემები შემუშავდეს და რეგულირდეს ადამიანების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გათვალისწინებით“, - განაცხადა ჯანმო-ს ციფრული ჯანმრთელობისა და ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის დირექტორმა, ალენ ლაბრიკმა.


ექსპერტებმა სამი ძირითადი რეკომენდაცია ჩამოაყალიბეს. პირველ რიგში, ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის შეფასებისას უნდა იქნას გათვალისწინებული გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ეს ეხება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის სპეციალურად შემუშავებულ პროგრამებს. 


მეორე: მონიტორინგი უნდა მოიცავდეს გრძელვადიან ეფექტებს, მათ შორის ემოციურ დამოკიდებულებას ხელოვნური ინტელექტის სისტემებზე. 


მესამე: ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები უნდა შემუშავდეს ფსიქიატრებთან და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანებთან, მათ შორის ახალგაზრდებთან, კულტურული და ენობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით.

ამ რეკომენდაციების აუცილებლობაზე უკვე მიუთითებს კვლევები. ჟურნალ „სამედიცინო ინტერნეტ კვლევის“ ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 18-25 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც ფსიქოზის მომატებული რისკი აქვთ, უფრო ხშირად იყენებენ ჩატბოტებს ემოციური მხარდაჭერისთვის და მიდრეკილნი არიან მათთვის ადამიანური როლების მინიჭებისკენ, როგორიცაა „თერაპევტი“. პარალელურად, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევარები მიუთითებენ კრიზისის ერთიანი რეფერალური პროტოკოლების აუცილებლობაზე: თუ მწვავე მდგომარეობაში მყოფი მომხმარებელი დაუკავშირდება ჩატბოტს, უნდა არსებობდეს მკაფიო მექანიზმი მისი სპეციალისტთან გადასამისამართებლად.


ჯანმო ხაზს უსვამს, რომ კონსორციუმი არ წარმოადგენს ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის აკრძალვის მცდელობას, არამედ არის ჩარჩო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელოვნური ინტელექტის მმართველობა დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე, ეთიკასა და ცალკეული ქვეყნების საჭიროებებზე. ეს სიგნალია ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის კონტექსტში ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ეროვნული ინიციატივებიდან გლობალურ სტანდარტად გარდაიქმნება.