ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Merck-ი ონკოლოგიური მედიკამენტების წარმოების გასაძლიერებლად ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ ფირმა Terns Pharmaceuticals-ს 6.7 მილიარდ დოლარად ყიდულობს, - ამის შესახებ განცხადება თავად Merck-მა გაავრცელა.
ეს Merck-ისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მესამე მრავალმილიარდიანი შენაძენია. კომპანია ცდილობს თავისი პორტფელის გაზრდას, ვიდრე მისი ყველაზე გაყიდვადი, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატი Keytruda 2028 წელს ძირითად პატენტურ დაცვას დაკარგავს.
გარიგების დახურვა მეორე კვარტალშია მოსალოდნელი.
Terns-ი ავითარებს ლეიკემიის იმ ტიპის სამკურნალო პრეპარატს, რომელსაც ანალიტიკოსები მრავალმილიარდიანი ღირებულების მედიკამენტად მიიჩნევენ. მან საბოლოოდ შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს „ნოვარტისის“ „სკემბლიქსს“. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ბაზარზე გამოჩენილმა ახალმა პრეპარატებმა ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია დროთა განმავლობაში მართვად მდგომარეობად აქციეს. „ნოვარტისი“ დიდი ხანია ლიდერია ამ სფეროში თავისი პრეპარატებით „სკემბლიქსი“ და „გლივეკი“. თუმცა, Merck-ის თქმით, პაციენტების დაახლოებით 40%, 5 წლის განმავლობაში სხვა პრეპარატებზე გადადის, მაგრამ გრძელვადიან შედეგებს ვერ ხედავს. კომპანიის განცხადებით, ეს ქმნის შესაძლებლობას ახალი მონაწილეებისთვის, შექმნან ახალი მედიკამენტები, რომლებსაც თანმიმდევრული ეფექტი აქვს და გვერდითი მოვლენებიც ნაკლებად ახასიათებს.
Merck-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რობერტ დევისმა, ანალიტიკოსებსა და ინვესტორებს განუცხადა, რომ Terns-ის ექსპერიმენტული აბი „მომდევნო ათწლეულში ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იქნება“. პრეპარატი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ Merck-ი ფსონს დებს იმაზე, რომ საწყისი მონაცემები უფრო მასშტაბური კვლევებით დადასტურდება.





