ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ინტეგრირებული სკრინინგის აქციას დაესწრნენ.
საყოველთაო გამოკვლევების ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უფასოდ ჩაეტარებინათ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული დაავადებების სკრინინგი და ტესტირება სამ გადამდებ დაავადებაზე - ტუბერკულოზზე, აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე.
სკრინინგი ხორციელდება მობილური ამბულატორიის საშუალებით და კვლევებთან ერთად ითვალისწინებს ექიმის კონსულტაციასაც.
ბოლო წლებში ქვეყანაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევებისა და გავრცელების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირებულია. 2019-2025 წლების მონაცემებით, აჭარაში ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების გამოვლენა 53%-ით ნაკლებია.
აჭარაში სკრინინგ აქციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით იმართება და 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. .





