სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია დღეს მედიკამენტების ფასების შესწავლას იწყებს.

კომისიის სხდომა 12 საათზე დაიწყება. 
 
დღის წესრიგი ასეთია: „ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 იანვარს ფარმაცევტული პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ ფარმაცევტულ სექტორთან შეხვედრა გამართა. 


შეხვედრის შემდეგ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ  ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა მედიკამენტების ფასი რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვის. „ავერსის“ ხელმძღვანელის პაატა კურტანიძის თქმით, სექტორი წარადგენს წინადადებებს, რა შეიძლება გაკეთდეს ხელისუფლებისა და თავად ინდუსტრიის მხრიდან, რათა მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იყოს.


როგორც ცნობილია, საქართველოში წლებია, მედიკამენტების ფასების მაქსიმალური ზღვარი - რეფერენტული ფასები მოქმედებს. ეს რეგულაცია 7 ათასზე მეტ პრეპარატზე ვრცელდება.