თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა ოფიციალურად გაიხსნა.
ახლად აშენებული საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და თსსუ-ს რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები, თსსუ-ის ადმინისტრაციის წევრები, საუნივერსიტეტო და პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელები.
მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც ვაშლიჯვარში, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, აერთიანებს მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფილის 100-ზე მეტ სპეციალისტს, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კომპლექსურ მომსახურებას.
საუნივერსიტეტო კლინიკის ძირითადი სტაციონარი გათვლილია 103 საწოლზე, სხვადასხვა სტაციონარული განყოფილებით. ესენია: მწვავე ფსიქიატრიული სტაციონარი, დუალური ნოზოლოგიის, ნარკოლოგიური დეტოქსიკაციისა და სარეაბილიტაციო განყოფილებები.
ახალი საუნივერსიტეტო კლინიკა თსსუ-ის საგანმანათლებლო და კლინიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალი სივრცე პაციენტებს მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და სამკურნალო მომსახურებას სთავაზობს. პაციენტებისთვის მენტალური ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებასთან ერთად, ახალი კლინიკა წარმოადგენს სასწავლო და პრაქტიკულ ბაზას თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.
პირველ ეტაპზე თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.
საუნივერსიტეტო კლინიკის ინფრასტრუქტურული პროექტისა და აღჭურვის ღირებულება ჯამში 20 მილიონზე მეტია.
თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა - პროექტის ღირებულება 20 მილიონზე მეტია
ჯანდაცვის სამინისტრო ბოლომდე არის ჩართული ამ საკითხში. ჩვენი მთავარი მიდგომა არის რა - მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ფარმაცევტულ მაფიას, მაგალითად.ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მოთხოვნაზე, ხელისუფლებამ შემოიტანოს და დააფინანსოს აღნიშნული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები. "უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და მივიღოთ რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება. ამაზე არის პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებელი, რომელიც არის მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში, პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრი, მადლობა მას მაქსიმალური ჩართულობისთვის," - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში პაციენტების მშობლებთან არაერთი შეხვედრა შედგა.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერენტული ფასების საკითხებზე მომუშავე კომისიამ მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედიკამენტებზე მოქმედი ფასები, ბაზარზე არსებული ვითარება და სისტემის ეფექტიანობა განიხილეს.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს რეფერენტული ფასების სისტემის განვითარებაზე, ბაზრის მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერებასა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობაზე.ამ ეტაპზე რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7 500-ზე მეტ მედიკამენტზე. ფასის ზედა ზღვარი, დამატებით, კიდევ 700-ამდე მედიკამენტზეც დაწესდება. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელი პირები და უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-ამდე მედიკამენტზე განსაზღვრავს. ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე.პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა. ფარმაცევტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებს სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ლელა სულაბერიძემ გააცნო. სექტორის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა, დაახლოებით - ორი კვირის ვადაში, ჯანდაცვის სამინისტროში საკუთარი მოსაზრებები წარადგინონ, უწყება კი, გადაწყვეტილების მიღებისას, მათ მოსაზრებებს მხედველობაში მიიღებს.მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ახალ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედება, წინა ეტაპების მსგავსად, მნიშვნელოვნად გააიაფებს პროდუქციას, მოქალაქეებისთვის კი გაზრდის ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით - ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი გაგრძელდება და ღირებულების მაქსიმალური ზედა ზღვარი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. რეფერენტული ფასების რეფორმით სახელმწიფომ მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა. რეფერენტული ფასი უკვე განსაზღვრულია 7500-ზე მეტ მედიკამენტზე. შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტების ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა.
მწარმოებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა, ვისთან, როგორ და რანაირად წარიმართა ეს ყველაფერი, ამის დეტალების გამხელის უფლება მე არ მაქვს, თუ თავად არ დაადასტურებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისივე თქმით, ამ თემისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას არანაირი გამართლება არ აქვს.„მუშაობას ვაგრძელებთ მედიკამენტზე ინფორმაციის შეგროვების მიმართულებით. ვეძებთ საშუალებებს, როგორ განვავითაროთ დაწყებული სამკურნალო საშუალებების ეფექტიანობა, ასევე მოვაწესრიგოთ სოციალური საკითხები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მშობლებისთვის, რომელთა ნაწილიც პროტესტს გამოხატავს. მთავარი ის არის, რომ შევძლოთ რეალურად ქმედითი, დახმარების პოტენციალის მქონე საშუალებების მოფიქრება, ამის იმპლემენტირება და სწორედ იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც ნომერ პირველ, მთავარ ღირებულებას – პაციენტის რეალურ ინტერესს მოემსახურება. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ მიკერძოებას ან კომერციული ინტერესების არსებობას არასწორი შთაბეჭდილებების შექმნა შეუძლია. საფუძვლიანი ვარაუდი გვაქვს იმისა, რომ შეიძლება, ეს იყოს ცალკეული სტატიები, ცალკეული პუბლიკაციები, პაციენტებისთვის არასწორი იმედის შექმნის პრაქტიკა. ეს არ არის ჩვენი მოგონილი თემა, ამაზე მსოფლიოში ყველა წერს, ყველა საუბრობს ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან გადაჭარბებული მოლოდინების შექმნაზე. სამწუხაროდ, ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასეთი ეჭვები შეიძლება არსებობდეს კონკრეტულ საშუალებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.ჯანდაცვის მინისტრმა კონკრეტულ მედიკამენტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ელევიდისსა“ და „როშეს“ EMA-ს ავტორიზაცია არ აქვთ.„გთხოვთ, თქვენც გაარკვიოთ, მაგალითად, „ელევიდისთან“ დაკავშირებული საკითხი. ღმერთმა ქნას, ამ მედიკამენტმა აჩვენოს კარგი შედეგები, გაუმჯობესდეს, გახდეს უსაფრთხოც, ეფექტიანიც. შარშან ამ დროს რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მისაღები, ალბათ ყველაზე იმედის მომცემი მედიკამენტი „ელევიდისი“ იყო , მაგრამ გავიდოდა რამდენიმე თვე და, მაგალითად, ივლისში ჩვენ ვნახავდით EMA-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ამ მედიკამენტს ავტორიზაცია არ მისცა. მანამდე FDA-მ დაჩქარებული წესით მიანიჭა ავტორიზაცია, თუმცა შემდეგ ვნახავდით, რომ ფატალური შემთხვევების გამო უნდა შეჩერდეს კლინიკური კვლევები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია.გაითვალისწინეთ, რომ ამ მედიკამენტების დიდი უმრავლესობა ამჟამად გამოიყენება ევროპაში, როგორც კლინიკური კვლევების რეჟიმში მედიკამენტები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხედველობაში არის მისაღები. ანალოგიური მდგომარეობის და დილემების წინაშე დგას, მათ შორის, შვედეთის სახელმწიფო, რომელთანაც გვაქვს კომუნიკაცია იქ არსებულ საუნივერსიტეტო ბაზებზე და იქიდან მიღებულ ინფორმაციაზე. დღეს შვედეთში არსებული ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ იმ მედიკამენტის არსებობას, რომელიც ჩვენი, ქართული სისტემით არის გათვალისწინებული. მეტზე არაფერზე ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ გახლავთ. შვედეთი არ არის ის სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება ვინმე დაეჭვდეს, რომ ან თანხა ენანება, ან ნაკლებად ემპათიურია რომელიმე პაციენტის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ერთდროულად მხედველობაში მივიღოთ და ჩვენი დასკვნები ამგვარად ჩამოვაყალიბოთ. ამ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენას არანაირი გამართლება არ აქვს, არც ადამიანური და არც მორალური თვალსაზრისით.„როშეს“ მედიკამენტზე მოლაპარაკებებს წინ არაფერი უდგას, მაგრამ სწორედ „როშე“ გახლავთ ის მწარმოებელი, რომელიც ამბობდა, რომ 2025 წლის ივლისის ბოლოს ამ მედიკამენტს EMA-ს ავტორიზაცია ექნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა. არ ჯობს, რომ ეს კითხვები დავსვათ, ვიდრე ვისაუბროთ ჰიპოთეტურ შეხვედრაზე და მოლაპარაკებაზე? მწარმოებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. ვისთან, როგორ და რანაირად წარიმართა ეს ყველაფერი, ამის დეტალების გამხელის უფლება მე არ მაქვს, თუ თავად არ დაადასტურებენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.1tv.ge
თურქეთში ჰანტავირუსი არ დადასტურდა, ჯანმო კი შემთხვევების ზრდას ელოდება
გემზე ვირუსის აფეთქების შემდეგ სპეციალისტები ანტარქტიდის ტურიზმის მკაცრად გაკონტროლებას ითხოვენ
დღეს ექთანთა საერთაშორისო დღეა - ჯანმო ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ჯანდაცვის პერსონალის გაძლიერებას ასახელებს
საკრუიზო ლაინერიდან ევაკუირებულთა შორის ჰანტავირუსის სიმპტომები ფიქსირდება
11-17 მაისს მარილის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება





