თურქეთის გინეკოლოგიური კიბოს ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა პოლატ დურსუნმა განაცხადა, რომ გინეკოლოგიური კიბოს შემთხვევათა უმეტესობა პრევენციულია და ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა თურქეთის ეროვნულ იმუნიზაციის პროგრამაში უნდა შევიდეს.
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, თურქეთის გინეკოლოგიური კიბოს ფონდის პრეზიდენტმა, პროფესორმა დოქტორმა დურსუნმა განაცხადა, რომ ქალთა ჯანმრთელობა საზოგადოების განვითარების დონის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მაჩვენებელია. მისი თქმით, პრევენციული კიბოს გამო ქალების გარდაცვალება არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სისტემური პასუხისმგებლობაცაა და აღნიშნა, რომ ქალთა კიბოს მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
დურსუნს მოყავს სტატისტიკა, რომლის თანახმად საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზს მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 660 000 ქალს უსვამენ, 350 000 ქალი კი ამ მიზეზით იღუპება.
დურსუნის თქმითვე, საშვილოსნოს ყელის კიბო ერთადერთი გინეკოლოგიური კიბოა, რომელიც ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ინფექციით ვითარდება და მისი პრევენცია ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
მისი განცხადებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს, რადგან ადრეული დიაგნოზი სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს.
ამასთან, მისივე განცხადებით, HPV ვაქცინა კიბოს პრევენციული ვაქცინაა და დღეს ის მრავალი ქვეყნის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამების ნაწილია. ამის წყალობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები მნიშვნელოვნად მცირდება, ჯანდაცვის ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაში მცირდება და მომავალი თაობები კიბოსგან დაცულია.
„HPV ვაქცინის თურქეთის ეროვნულ იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვა აღარ არის არჩევანის საკითხი, არამედ სამეცნიერო აუცილებლობაა. უნდა გვახსოვდეს, რომ პრევენციული მედიცინა მდგრადი ჯანდაცვის პოლიტიკის საფუძველია. ჩვენი პრიორიტეტებია HPV ვაქცინის ეროვნულ პროგრამაში ჩართვა, სკრინინგის პროგრამების დაფარვის გაზრდა, ქალების რეგულარული გინეკოლოგიური გამოკვლევების ხელშეწყობა, სიმსუქნესთან ბრძოლისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პოლიტიკის გაძლიერება და გენეტიკური რისკის მქონე პირებისთვის კონსულტაციისა და პრევენციული მიდგომების მხარდაჭერა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია შესაძლებელია. ენდომეტრიუმის კიბოს კონტროლი შესაძლებელია ადრეული დიაგნოზით. საკვერცხის კიბოს შემცირება შესაძლებელია მაღალი რისკის ჯგუფებში. დაუშვებელია, რომ პრევენციული კიბოს გამო ერთი ქალიც კი დაიღუპოს,“ - განაცხადა მან.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე თურქეთში HPV-ის (პაპილომავირუსის) აცრა მთლიანად სახელმწიფო პროგრამით ფართოდ დაფინანსებული ჯერ არ არის, და დაგეგმილია, რომ ეროვნული პროგრამის ფარგლებში უფასო გახდეს.
ზოგიერთ ქალაქში (მაგ., სტამბოლი, ანკარა) გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო HPV აცრის ადგილობრივი პროგრამები დაიწყო, თუმცა ამ აცრის გაკეთება მოსახლეობას ძირითადად საკუთარი ხარჯით უწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრას სახელმწიფო ყველა მოქალაქისთვის სრულად ფარავს. აცრის გაკეთება შეუძლიათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს 11-დან 45 წლის ჩათვლით.





