1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად ჩამოერთმევათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა გახდება.
აღნიშნული რეგულაციის შესახებ მიმდინარე წლის 25 ივნისს გახდა ცნობილი, როცა პრემიერმა ასევე დააანონსა ჩანაცვლებითი თერაპიის მთლიანად სახელმწიფოს მართვის ქვეშ გადატანა. ეს უკანასკნელი რეგულაცია უკვე ძალაშია და, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, პირველი ეტაპი წარმატებულია.
რაც შეეხება ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ ამ მიმართულების კერძო კომპანიების ხელში ყოფნის გამო, ეს სექტორი ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაციის მოხმარების წახალისებითაა დაინტერესებული.
„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.