სოციალური მედიის დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მას შემდეგ, რაც სასამართლოში ჩვენება მისცა თერაპევტმა, რომელიც მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობს.სასამართლო განხილვები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. დავა წარმოებს Meta-სა (Instagram და Facebook) და YouTube-ის წინააღმდეგ.
საქმის საფუძველი 17 წლის მოზარდის „ქეისია“. მოზარდის ადვოკატების მტკიცებით, სოციალური ქსელების მოხმარების შედეგად ახალგაზრდას განუვითარდა ფსიქიკური პრობლემები — დეპრესია, შფოთვა, სხეულის აღქმასთან დაკავშირებული დისმორფია და სხვა — და მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია პლატფორმების აგრესიული, ადიქტიური დიზაინით.
Reuters-ს მოჰყავს თერაპევტის განცხადება, რომლის თანახმადაც ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ მედიაზე გადაჭარბებული დამოკიდებულების გამო ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩივიან. მისი თქმით, ხშირია შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა და დაბალი თვითშეფასება, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მოზარდებზე.
ჩვენებაში ასევე აღინიშნა, რომ სოციალური პლატფორმების ალგორითმები მომხმარებლების მაქსიმალურად დიდხანს ჩართულობას უწყობს ხელს, რაც დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკს ზრდის. თერაპევტმა განმარტა, რომ არასრულწლოვნები განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან მათი ფსიქიკა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.
საქმე ეხება სოციალური მედიის კომპანიების პასუხისმგებლობას მომხმარებლების, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ კომპანიებმა იცოდნენ პოტენციური ზიანის შესახებ, თუმცა საკმარისი ზომები არ მიიღეს.
მოპასუხე მხარე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პლატფორმები მომხმარებლებს უსაფრთხოების მრავალ მექანიზმს სთავაზობს, მათ შორის ეკრანთან გატარებული დროის კონტროლის ინსტრუმენტებსა და კონტენტის ფილტრაციას.
თერაპევტის ჩვენებამ პროცესს ახალი აქცენტი მისცა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება.





