ეროვნულ სკრინინგ ცენტრს საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი ეწვივნენ.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კიბოს უფასო სკრინინგული კვლევები ჩაიტარეს.
სტუმრებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ უმასპინძლა და სკრინინგ ცენტრში არსებული სერვისების, სამედიცინო აპარატურისა და პროგრამის განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩავიტარე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევები. გულწრფელად გეტყვით, რომ თავდაპირველად მეც მქონდა გარკვეული შიში და ღელვა, თუმცა აქ არსებული გარემო, სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმი და ყურადღება იმდენად დამამშვიდებელია, რომ ეს განცდა ძალიან სწრაფად ქრება. მინდა, იცოდეთ, რომ ეს პროცესი მარტივი და უსაფრთხოა, რადგან ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე აპარატურით. განსაკუთრებული თხოვნით მივმართავ ქალბატონებს, არ დაივიწყოთ საკუთარი თავი. ხშირად ჩვენ პირველ ადგილზე ვაყენებთ ოჯახს და სხვებზე ზრუნვას, თუმცა სწორედ ჯანმრთელობაა თქვენი ოჯახის სიმშვიდისა და კეთილდღეობის საფუძველი. გამოიყენეთ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტაროთ კიბოს სკრინინგული კვლევები. არ გადადოთ ზრუნვა ხვალისთვის, რადგან დროულად აღმოჩენილი დაავადება ნიშნავს უფრო მეტ შესაძლებლობას ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელებისთვის. გახსოვდეთ, თქვენი ჯანმრთელობა ფასდაუდებელია“, - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.





