2026 წლის მარტში, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, ჯანდაცვის ჯგუფში ფასები 4,2%-ით გაიზარდა. წინა, თებერვლის თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები არ შეცვლილა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
შედარებისთვის: თებერვლის მონაცემებით, წლიური მატება 5.9 პროცენტი იყო, იანვარში კი 8,3.
ჯანმრთელობის ჯგუფში შემავალი კომპონენტების მიხედვით კი ფასთა ცვლილება ასეთია:
სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა - 5,8;
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 3,4;
საავადმყოფოების მომსახურება - 1,7.
დეტალური ინდექსების თანახმად, საავადმყოფოების მომსახურება 3,7 პროცენტითაა გაძვირებული, ასეთივე ეს მაჩვენებელი იყო თებერვალში. იანვარში კი, წინა წლის იგივე თვესთან შედარებით, საავადმყოფოების მომსახურება 25%-ით იყო გაძვირებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სერვისი 2025 წლის თებერვლიდან მოყოლებული, მიმდინარე წლის თებერვლამდე, ორნიშნა მაჩვენებლით ძვირდებოდა.
საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს, რადგან DRG-ს პროგრამა ფასებს არეგულირებს და ამ ნაწილში კლინიკებს ფასების გაზრდა არ შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო სწავლობს.
საუბარია კლინიკებზე, რომლებსაც ამბულატორიულთან ერთად სტაციონარული მომსახურებაც აქვთ. ესენია ყველა ის მსხვილი კლინიკა, რომლებიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს.
მონიტორინგი არ ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ამბულატორიული სერვისებით შემოიფარგლებიან.
გამოთხოვილი ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას ფასების შესახებ 2022 წლის იანვრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე. შესაბამისად, სააგენტომ უნდა ნახოს სრული სურათი, ამ დროის განმავლობაში თითოეული სამედიცინო სერვისის მიმართულებით როგორ იცვლებოდა ბაზარზე ფასები და უწევდა თუ არა მომხმარებელს კონკრეტული მიმართულებებით გაზრდილი ფასის გადახდა.
როდის გამოქვეყნდება მოკვლევის პირველადი შედეგები, ჯერჯერობით უცნობია.





