2025-2026 სასწავლო წლების მონაცემებით, საქართველოში 44 440 უცხოელი სტუდენტი სწავლობს.


ინფორმაციას საქსტატი ავრელებს. მისი მონაცემებით, წინა წელს ეს მაჩვენებელი 37 125 იყო. 
 
2025-2026 წლის მაჩვენებლებით, ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით სწავლობს და მათი რაოდენობა 39 033-ია, წინა წელს კი 33 854 იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, სამედიცინო უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს ჭარბად იღებს, ამიტომ, მისივე თქმით, უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ბიზნესი უნდა აკეთოს კერძო სექტორმა და სახელმწიფო სექტორმა უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ამოცანების შესრულება.

„დღეს დაახლოებით 50/50-ზეა უხეშად გადანაწილებული ქართველი და უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ხდება რა – სახელმწიფოს მიერ შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილია ექიმების მოსამზადებლად ჩვენი სისტემისთვის და ამ ინფრასტრუქტურის ნახევარი ეთმობა უცხოელ სტუდენტებს. შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა აკლდება პოტენციურ მომავალ ქართველ ექიმებს. ეს მდგომარეობა ვფიქრობთ, უნდა შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, უნდა დაინერგოს სწორედ ეს პრინციპი, უცხოელი სტუდენტები უნდა მიიღონ კერძო უნივერსიტეტებმა. ეს იქნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტისთვის, დაახლოებით 80 მილიონი იქნება დანაკლისი, საიდანაც 5 მილიონს დაიკომპენსირებს, თუმცა ქვეყანაში დარჩება ეს ფული, მაგრამ გადანაწილდება კერძო უნივერსიტეტებზე. რაც ექნება დანაკლისი სამედიცინო უნივერსიტეტს და რაც არის დასაკომპენსირებელი, ჩვენ უნდა დავაკომპენსიროთ და ამის რესურსი არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.