ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ახლახანს შექმნილ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფს (EMT) ეწვია. ვიზიტის მიზანი მზადყოფნის წინასწარი შეფასება იყო.
მათი შეფასებით, აღნიშნული გუნდის არსებობა ქვეყანაში საგანგებო მზადყოფნის გაძლიერების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეროვნული პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ ჯანმოს ტექნიკური მენტორობისა და ზედამხედველობის ფარგლებში, რათა ჩამოეყალიბებინათ EMT, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და მზად არის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საქართველოს EMT-ის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის ოპერაციულ მზადყოფნას და სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას.
გუნდი, საგანგებო სიტუაციების დროს საველე პირობებში, უზრუნველყოფს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (EMT) ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩასვლისთანავე მყისიერად იწყებენ საველე, გადაუდებელი ტიპის ჰოსპიტლის მოწყობას და ნებისმიერი სიმძიმის პაციენტების მიღებას.





