ავერსის ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტების შეძენა არ არის პრიორიტეტული და ასეთი მიდგომა დასჯადია და ის კონტროლდება. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია „ავერსი რაციონალის“ დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ პარლამენტში შექმნილი, „ფასების კომისიის“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. კომისიის წევრმა ნინო წილოსანმა მას მიმართა შეკითხვით:
„რამდენად ეთიკურია ან სტანდარტებში შედის, რომ თქვენი ჯგუფი ფლობს აფთიაქს, მედიკამენტების წარმოებას, საავადმყოფოს და სადაზღვევო კომპანიას. ეს მიდგომა ევროპის უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია. შეუძლია თუ არა თქვენი ჯგუფის სხვა კომპანიებს, მაგალითად აფთიაქს, დააპრიორიტეტოს თქვენი წარმოების წამალი? და ასევე, მაგალითად, საავადმყოფომ დააპრიორიტეტოს თქვენი წარმოების წამალი? თეორიული შანსი არის თუ არა ამის და როგორ ხედავთ ამ კუთხით, რამდენად სწორია ის რეგულაცია, რომელიც ამ დაკავშირებულ მხარეებს რადიკალურად აცალკევებს და მაგალითად, საავადმყოფოებს არ აქვთ საშუალება, ჰქონდეთ თავიანთი აფთიაქები?“
"ავერსი რაციონალის" გენდირექტორმა ამ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა:
„ავერსის კლინიკებში არავინ არ არის ვალდებული, შეიძინოს „ავერსი რაციონალის“ მედიკამენტები თუ არ იქნება კონკურენტუნარიანი ფასითა და ხარისხით. „ავერსის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, რომლებიც მოგებაზე არიან ორიენტირებულნი და ყველაფერს აკეთებენ, რომ შემოსავალი ნორმალური ჰქონდეთ. „ავერსის ჯგუფში“ შემავალი არცერთი კომპანია არ მიანიჭებს პრიორიტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ „ავერსი რაცინალისაა“, თუ „ავერსი რაციონალს“ კონკურენტული ფასი არ ექნება. „ავერსის“ მთელს სარეალიზაციო ქსელში მხოლოდ 10-11%-ია „რაციონალის“ მედიკამენტები. ყველა ფარმაცევტს აკრძალული აქვს, როცა მოდის პაციენტი ექიმის დანიშნულებით, ეს პრეპარატი შეუცვალოს. ესაა მკაცრად კონრტოლირებადი და დასჯადი. პრიორიტეტული რომ იყოს „რაციონალის“ მედიკამენტების პრიორიტეტულად გამოყენება, ამ შემთხვევაში 10%-ზე გაცილებით მეტი იქნებოდა „რაციონალის“ მედიკამენტების რეალიზაცია,“ - განაცხადა მალხაზ კურტანიძემ.





