ამ ეტაპზე რეცეპტორული მედიკამენტების 70% დარეგულირებულია. არარეცეპტორულებიდან კი ამ რეგულაციაში წამლების ნაწილი მოექცა და მათ შორისაა GM Pharma-ს 3 მედიკამენტი.
ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა პარლამენტში შექმნილი, „ფასების კომისიის“ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მწარმოებელი დისტრიბუტორს აწვდის მედიკამენტებს და სწორედ ეს უკანასკნელი ანაწილებს პროდუქციას ქსელში - ასევე იღებს მონაწილეობას ტენდერებში, მუნიციპალიტეტებში და ა.შ. რაც შეეხება თანხების გადახდის პერიოდს, გოჩა გოგილაშვილის განცხადებით, ეს პერიოდია 60-90 დღე, რაც უცხოეთის პრაქტიკის მსგავსია. „ამ პერიოდს საკუთარი სახსრებით ვაფინანსებთ და კომპანიას არ აქვს სესხები,“ - აღნიშნა მან. მისივე თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების ნახევარი რეფერენტულია. მისივე ინფორმაციით, 2025 წლის მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე მათი გაყიდვები 43% იყო. მომავალ წელს კი ეს თანაფარდობა 40% -60% იქნება (საქართველო-უცხოეთი).
დეუტატმა ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ GM Pharma-ს წმინდა მოგება 60 მილიონია იმ პირობებში, როცა წამლების ფასი საქართელოში ერთ-ერთი უძვირესია.
„რეფერენტული ფასების დაწესებამდე მედიკამენტებს ყიდდით ისეთ ფასად, როცა ადამიანებს არ შეეძლოთ მათი ყიდვა. ისინი გადადიოდნენ თურქეთში, რადგან დიდი ფასნამატით ყიდდით. რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ თქვენ გააიაფეთ მედიკამენტები, ჩამოსწიეთ მარჟა და გააგრძელეთ საქმიანობა. ჯდება თუ არა ეთიკაში, როცა შეგიძლიათ გქონდეთ ადამიანური მოგება და ამ პროცენტების ხარჯზე მოქალაქეებს უწევთ კოლოსალური თანხები გადაიხადოს წამლებში. რომ არა რეფერენტული ფასები, იყიდდა თუ არა მოქალაქე იმ წამლებს?“ - აღნიშნა წილოსანმა.
GM Pharma-ს წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა იგივე სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ არაფერი ცუდი არ მოხდება, თუკი რეფერენტული ფასები რეცეპტორული მედიკამენტების მთელს ბაზარზე გავრცელდება.
„არაფერი ცუდი არ მოხდება, მივესალმებით, რომ გავრცელდეს ყველა რეცეპტორულზე. რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიაზე შეიძლება ფიქრი, ქვეყნების შერჩევაზე, მაგრამ თუ 100% დაიფარება, ჩვენ ამას მივესალმებით,“ - აღნიშნა რამიშვილმა.
გოჩა გოგილაშვილმა კი განაცხადა: „ბოლო-ბოლო სახელმწიფომ დაარეგულიროს, რაც დასარეგულირებელია, რომ აღარ იყოს საუბარი, ვის რა მოგება აქვს და როგორ და რანაირადაა. მაშინ სულ არ მჭირდება წარმოება, გადავდებ გვერდზე და შემოვიტან მანუფაქტურინგით. დარეგულირდეს და ჩვენ მოვერგებით. რამდენიმე პრეპარატი გავიტანეთ ბაზრიდან იმიტომ, რომ არ ჩაჯდა რეფერენტულ ფასში. რამდენიმე პრეპარატს ვყიდით მინუსში,“ - აღნიშნა გოჩა გოგილაშვილმა.





