ნებისმიერი დაავადება ადამიანის ცხოვრების ხარისხს აქვეითებს, თუმცა მხედველობის პრობლემები განსაკუთრებული გამოწვევაა - ის ჯანმრთელობასთან ერთად ოჯახურ ურთიერთობებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ფსიქო-ემოციურ წონასწორობასაც ეხება. მხედველობის დაქვეითება ადამიანს დამოუკიდებლობას აცლის — გადაადგილება, შრომა, ყოველდღიური საქმეები თანდათან რთულდება, სოციალური კონტაქტები კი იკლებს, რაც ხშირად სრული იზოლაციით მთავრდება. სწორედ ამიტომ, ასეთი პაციენტები სახელმწიფოს ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე არ უნდა რჩებოდნენ.
სამწუხაროდ, საქართველოში სურათი სხვაგვარია. სიბრმავის გამომწვევი ოთხი ძირითადი დაავადებიდან - გლაუკომა, კატარაქტა, მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია და დიაბეტური რეტინოპათია - მხოლოდ პირველი ორის მკურნალობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. ბოლო ორი კი პაციენტებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია.
განსაკუთრებით მწვავეა დიაბეტური რეტინოპათიის პრობლემა - ის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი გართულებაა. მისი მკურნალობა გულისხმობს ანტიანგიოგენეზური პრეპარატებით თვალშიდა ინექციებს, რომლებსაც ბადურის დაავადებების სამკურნალოდ ალტერნატივა არ გააჩნია. არსებობს დიაბეტის საკმაოდ წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, თუმცა ის კომპლექსური არ არის და თვალის ჯანმრთელობის კომპონენტს არ მოიცავს. შედეგად, უამრავი პაციენტი, ვისაც ეს მედიკამენტები საკუთარი სახსრებით არ შეუძლია შეიძინოს, სათანადო მკურნალობის მიღმა რჩება.
სპეციალისტები სწორედ ამიტომ საუბრობენ დიაბეტის პროგრამის გაფართოებაზე. მისი კომპლექსური მართვა პაციენტებს მხედველობის შენარჩუნების შანსს მისცემდა და მათი ცხოვრების ხარისხს სრულფასოვნად დაიცავდა.
დიაბეტთან დაკავშირებულ თვალის დაავადებებზე, მათი მკურნალობის მეთოდებსა და სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე jandacva.ge ენდოკრინოლოგ, მედიცინის დოქტორ რამაზ ყურაშვილს ესაუბრა.
- როგორია საქართველოში შაქრიანი დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი და მათ შორის რამდენად ხშირია ამ დაავადების შედეგად თვალის სნეულებების განვითარების რისკი?
- ზოგადად, საქართველოში დიაბეტის გავრცელება დაბალი არ არის, თუმცა არც ისეთი მაღალია, როგორც მეზობელ ქვეყანაში - თურქეთში. ჩვენთან მოსახლეობის დაახლოებით 8%-ია დაავადებული შაქრიანი დიაბეტით. დიაბეტის დროს თვალი უფრო ხშირად ზიანდება, ვიდრე სხვა რომელიმე ქრონიკული დაავადების შემთხვევაში. გლობალური მონაცემებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირების ერთ მესამედს დიაბეტური რეტინოპათია უვითარდება. აქედან დაახლოებით 7%-ს აღენიშნება მისი ყველაზე მძიმე, გართულებული ფორმა - მაკულის შეშუპება. გამოდის, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში დიაბეტის მქონე 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 100 ათასისთვის აქტუალურია ის, რომ დიაბეტური რეტინოპათია დროულად შეაჩეროს.
- როგორ ვითარდება ეს დაავადება?
- სისხლში გლუკოზის მაღალი დონე აზიანებს ბადურის სისხლძარღვებს. ამ პროცესს გლუკოტოქსიურობა ჰქვია. დაზიანებული სისხლძარღვებიდან სითხე ჟონავს, რაც შეშუპებას იწვევს. ჟანგბადის შიმშილის გამო კი თვალში პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდა იწყება. ეს პროცესი იწვევს სისხლჩაქცევებსა და ნაწიბურების განვითარებას. ამას კი საბოლოოდ მხედველობის მკვეთრ დაქვეითებამდე ან მის სრულ დაკარგვამდე მივყავართ. ამიტომ აუცილებელია, მკურნალობა დროულად დავიწყოთ.
- რომ აგვიხსნათ, რა არის დაგვიანებული დიაგნოსტიკის მიზეზი და რა მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დროულ დასმასა და მკურნალობის საწყის ეტაპზევე დაწყებას?
- დიაბეტური რეტინოპათიის დაგვიანებული დიაგნოსტიკა მთელი მსოფლიოს მედიცინის პრობლემაა. თუმცა ენდოკრინოლოგის ჩართულობას ამ პრობლემაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასეთი პაციენტის პირველი ექიმი სწორედ ენდოკრინოლოგია. კონკრეტულად, დაგვიანებული დიაგნოსტიკის მთავარი მიზეზებია დაავადების უსიმპტომო ბუნება. საწყის ეტაპზე დაავადება ჩუმად მიმდინარეობს და პაციენტები ოფთალმოლოგს მხოლოდ მხედველობის გაუარესებისას მიმართავენ, როცა მხედველობის არეში „ბურუსი“ გაუჩნდებათ, ვეღარ მართავენ მანქანას, ვერ ხედავენ ხალხს და ასე შემდეგ. ამ დროს კი, შესაძლოა, პროცესი უკვე შორს წასული იყოს. პრობლემაა სკრინინგის კულტურის ნაკლებობა - ხშირად აქცენტი მხოლოდ შაქრის კონტროლზე კეთდება და თვალის ფსკერის შემოწმება ყურადღების მიღმა რჩება.
- სწორედ ამის გამოა დიდი ენდოკრინოლოგის პასუხისმგებლობა - მან ხომ უნდა გადაამისამართოს პაციენტი ოფთალმოლოგთან. ამ კუთხითაც გვაქვს პრობლემა საქართველოში?
- ენდოკრინოლოგის როლი ძალიან დიდია, რადგან მას ევალება პაციენტთან მუშაობა, ცნობიერების ამაღლება. დიაბეტის განვითარების პირველ ეტაპზე მხედველობის ხარისხი არ უარესდება, თუმცა, დიაბეტი თვალს აზიანებს. ამიტომ უნდა მოხდეს პაციენტის დროული რეფერალი ოფთალმოლოგთან კრიტიკული დროის ფანჯარაში - ტიპი ორი დიაბეტის შემთხვევაში დიაგნოზის დასმისთანავე, ხოლო ტიპი ერთის შემთხვევაში - 5 წლის შემდეგ. მნიშვნელოვანია გუნდური მართვა როგორც შაქრის, ისე არტერიული წნევის ფონის მოწესრიგებისთვის.
- დროული და სათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია, თვალის ამ დაავადებისგან განკურნება თუ მხოლოდ გართულების გადავადებაზე ან პროგრესირების შეჩერებაზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ოფთალმოლოგის მიერ დანიშნული თვალშიდა ინოვაციური პრეპარატები - anti-VEGF ინექციები ხანგრძლივი და მაქსიმალური შედეგის მომტანია. ეს მედიკამენტები გამოირჩევა ხანგრძლივი და კუმულაციური ეფექტით და წინა თაობისგან განსხვავებით, პაციენტის განკურნებას იწვევს. წინა თაობის მედიკამენტების შემთხვევაში, საჭიროა მუდმივი მკურნალობა და ექიმთან მუდმივი სიარული, ეს პრეპარატი კი სულ სხვა დონის მედიკამენტია. ეს არაა დაპირება, ეს რეალობაა. დაავადების ფარული ბუნების მიუხედავად, ენდოკრინოლოგის სწორი კომუნიკაციით და ოფთალმოლოგთან დროული თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ. თუმცა, დიაბეტს, თავისთავად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სჭირდება მართვა. ჩვენს ქვეყანაში ენდოკრინოლოგების რაოდენობაც საკმარისია და ოფთალმოლოგებისიც. შედეგებიც კარგი გვაქვს - საერთაშორისო რეიტინგებში პირველ სამეულში ვიყავით. რაც მთავარია, ქართველი ექიმების მიერ პაციენტების მოვლის დონე უმაღლესია. 20 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციასთან. შარშან საიუბილეო შეხვედრა გვქონდა ლივერპულში, წელს კი ასეთივე შეხვედრა იგეგმება ნორვეგიაში, რომელიც მედიცინის განვითარების კუთხით მოწინავეა. იქ დიაბეტის პროგრამა ფინანსდება და თითქმის ყველა ძირითადი ოფთალმოლოგიური პროცედურა ხორციელდება. იქ ერთი ავადმყოფი 12 ათასზე მეტი ევროთი ფინანსდება.
- ჩვენს ქვეყანას რომ შევადაროთ, დიაბეტის სახელმწიფო პროგრამა საქართველოშიც მოქმედებს და ის ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა, დიაბეტთან დაკავშირებული თვალის დაავადებების მკურნალობა დაფინანსების მიღმაა დარჩენილი, თუ აჭარის მაგალითს არ ჩავთვლით.
- ჩვენი სურვილია, დაფინანსდეს ინოვაციური, ახალი თაობის anti-VEGF პრეპარატები. რასაკვირველია, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ასევე აზიის ბევრ სახელმწიფოში მსგავსი პროგრამები არათუ არ ფინანსდება, ზოგან მკურნალობის არსებობის შესახებაც არ იციან და ჩვენ, საბედნიეროდ, არ ვართ ასეთი სახელმწიფოების სიაში. ჩვენ მოწინავე ქვეყნების შემდგომ პოზიციებზე ვიმყოფებით. ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ და უნდა ვიჩქაროთ, რომ ამ პროგრამებში ისევე ჩავერთოთ, როგორც განვითარებული ქვეყნები არიან. ამით ჩვენ ადამიანებს მხედველობას შევუნარჩუნებთ და მივცემთ შესაძლებლობას, თავი დაიცვან სიბრმავისგან.
- ალბათ ექიმისთვისაც რთულია, როცა პაციენტის მკურნალობაში მთელ რესურსს და დროს დებს, მართავს შაქრის დონეს და ამ დროს ვითარდება თვალის დაავადებები, რომლის სამკურნალო მედიკამენტი პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი. აქ ხომ უკვე სახელმწიფოს მხარდაჭერაა გადამწყვეტი?
- რასაკვირველია. ეს ყველაფერი სინქრონულად უნდა იყოს - პაციენტი უნდა ერიდებოდეს ჭარბი მარილისა და ალკოჰოლის მოხმარებას, ე.წ. ქუჩის საკვების მიღებას, უნდა მოიწესრიგოს ძილი, აკოტროლოს წონა და ა.შ. თვალის ინექციების საჭიროების შემთხვევაში კი მის მხარდაჭერაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. ექიმის დიაგნოზი, პაციენტის ქცევა და სახელმწიფოს მხარდაჭერა - ეს აუცილებელია.
- წლიდან წლამდე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. გარდა დიაბეტის პროგრამისა, რომელიც წლებია ხორციელდება, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება. ეს ხომ ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, მეტი პაციენტის საჭიროება დააფინანსოს. ამ კუთხით, ფიქრობთ, რომ არც ზემოთნახსენები ინექციების დაფინანსებაა არარეალისტური?
- რა თქმა უნდა. ვხედავთ, რომ სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. ჩვენს მეზობლებს რომ გადავხედოთ, მათთან შედარებით არაფრით არ ვართ ჩამორჩენილები და პირიქით - წინ ვართ, მაგრამ ეს მდგომარეობა უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ. დახმარება სრულფასოვანი უნდა იყოს და პაციენტის მდგომარეობა ფუნდამენტურად იცვლებოდეს თანამედროვე, კომბინირებული და ინოვაციური თერაპიების ხარჯზე. აუცილებლად უნდა დაინერგოს anti-VEGF-თერაპია.
- როგორც ცნობილია, თქვენ შეუერთდით იმ წერილს, რომლითაც ექიმებმა, პაციენტებმა და საზოგადოების რიგითმა წევრებმა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართეს მოწოდებით, რომ საქართველოში დასახელებული ინექციების დაფინანსება დაიწყოს. თქვენი წერილის მთავარი ადრესატები გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ისინი გაითვალისწინებენ ამ მოწოდებას?
- ამ საკითხზე რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ბევრი მხარის ჩართულობით - მათ შორის სამინისტროს უმაღლესი ხელმძღვანელობის მონაწილეობით. დიაბეტის მსოფლიო დღეს გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა თქვა, რომ სამინისტრო დააფინანსებს ყველაფერს, რაც ქართველი ხალხისთვის იქნება სასარგებლო და ეკონომიკურად მომგებიანი. ისიც ვიცით, რომ რომ ერთ დღეში არავის აუშენებია და ეს დროს მოითხოვს, მაგრამ უნდა შევეცადოთ, ყველაფერი ახალი გვქონდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სამაგალითო ადამიანები არიან. მათ შორის ზაზა ლომინაძე, მისი მოადგილე ლადო კახაძე, კომიტეტის წევრი, აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე და სხვები. ისინი ჰუმანური ადამიანები არიან და ერთად შეკრულ გუნდად მუშაობენ. მათი რაციონალური, კეთილშობილური და თანამედროვე მიდგომის წყალობით, მათ ბევრ დასახულ მიზანს მიაღწიეს. ფინანსდება ისეთი დაავადებების მკურნალობა, რომელთა დიაგნოსტირება და მკურნალობა თანამედროვე მედიცინამაც კი არ იცოდა. თვალის პრობლემის გადაწყვეტა ჩვენი სახელმწიფოსთვის საერთაშორისო აღიარების გვირგვინი იქნება. თვალის მკურნალობის მიმართულებით ძალიან ძლიერი ტრადიციები გვაქვს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. ჩვენი ოფთალმოლოგები ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობდნენ. ესაა ერთ-ერთი იმ დარგებიდან, რომლებიც ძალიან განვითარებულია ქვეყანაში.





