ევროპაში ახალგაზრდები უფრო მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ყოველდღიური ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე დგანან, ვიდრე უფროსი თაობა. თემას Euronews-ი აშუქებს და აღნიშნავს, რომ ამას განაპირობებს სუსტი ოჯახური კავშირები, დაბალი სულიერება, სმარტფონების ადრეული გამოყენება და ულტრა-დამუშავებული საკვების მაღალი მოხმარება.
ახალი კვლევის თანახმად, მთელ მსოფლიოში ახალგაზრდებს უჭირთ ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტურად ფუნქციონირება.
Euronews-ი წერს, რომ ევროპაში ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობა, სხვა კონტინენტებზე მცხოვრებ ახალგაზრდებთან შედარებით, დაბალ დონეზეა, რამდენიმე ევროპულ ქვეყანას კი მსოფლიოში ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, Sapien Labs-ის, კვლევამ, რომელიც გლობალურ ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეისწავლის, აზიაში, აფრიკაში, ევროპასა და ამერიკაში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვების მეშვეობით მენტალური ჯანმრთელობის კოეფიციენტი (MHQ) გაზომა. ეს კვლევა აფასებს ინდივიდების „გონების ჯანმრთელობას,“ რომელიც განისაზღვრება, როგორც ემოციური, სოციალური, კოგნიტური და ფიზიკური შესაძლებლობები, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში, სამსახურსა და ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად.
„როგორც ჩანს, ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისი თაობიდან თაობაზე პროგრესირებადი მოვლენაა და ახალგაზრდებში დეპრესიისა და შფოთვის ფარგლებს სცდება“, - განაცხადა ანგარიშის წამყვანმა ავტორმა და Sapien Labs-ის დამფუძნებელმა და ტარა თიაგარაჯანმა.
რესპონდენტებმა შეაფასეს ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრის შესაძლებლობები, აღნიშნეს ემოციების კონტროლის, სხვებთან ურთიერთობის მართვისა და ფოკუსირების უნარის პრობლემები.
„35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, რომლებიც COVID-19 პანდემიამდეც, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან შედარებით, ისედაც განიცდიდნენ პრობლემებს, პანდემიის დროს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ მდგომარეობიდან კი ისინი ამ დრომდე ვერ გამოვიდნენ,“ - წერს თიაგარაჯანი კვლევაში.
კვლევის თანახმად, საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ახალგაზრდებმა, რომლებიც მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი შემოსავლის მქონე რეგიონში ცხოვრებენ, გაცილებით უკეთესი ქულები მიიღეს, ვიდრე აშშ-ს, კანადის, ევროპის, ინდოეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ახალგაზრდებმა.





