მარტი მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობიერების ამაღლების მსოფლიო თვეა,  რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა. 


თემას საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს და აღნიშნავს, რომ სკრინინგზე დაბალი მიმართვიანობა ამ დაავადებასთან ეფექტიან ბრძოლას ხელს უშლის. 

ამიტომ ქვეყანაში მთელი თვის განმავლობაში ეროვნული სკრინინგ ცენტრი ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი საინფორმაციო და პრევენციული ღონისძიების გამართვას გეგმავს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. საწყის ეტაპზე ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის. თუმცა ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ , რომ  დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა სრულად განკურნების რეალურ შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებებისა და სიკვდილიანობის რისკს. 
 
საქართველოში 50-დან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის სკრინინგ პროგრამა უფასოა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების თქმით, სხვა პრევენციულ პროგრამებთან შედარებით, მიმართვიანობა დაბალია და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მსხვილი ნაწლავის კიბო საწყის ეტაპზე შესაძლოა ისეთი სიმპტომით იჩინოს თავი, როგორიცაა მცირე სისხლდენა, ცვლილება ნაწლავის მოქმედებაში, მუცლის ტკივილი, დისკომფორტი და სხვა. სპეციალისტები განმარტავენ, რომ დაავადება, რომელიც ადრეულ ეტაპზე გამოვლინდება, უმეტეს შემთხვევაში სრულად იკურნება და მკურნალობის პროცესიც გაცილებით ეფექტიანია.

ექიმების განმარტებით, სკრინინგის პროცედურა უმტკივნეულოა და ის მარტივ ანალიზს გულისხმობს. სწორედ ეს კვლევა იძლევა შესაძლებლობას, დაავადება სიმპტომების გამოვლენამდე დაფიქსირდეს. მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი ასაკთან ერთად იზრდება, თუმცა დაავადება შეიძლება გამოვლინდეს უფრო ადრეულ ასაკშიც, განსაკუთრებით მათში, ვისაც ეს დაავადება გენეტიკაში აქვს. სტატისტიკური მონაცემებით,  მსხვილი ნაწლავის კიბო შედარებით ხშირად მამაკაცებში ფიქსირდება. რისკფაქტორებს შორის სახელდება ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შებოლილი და გადამუშავებული საკვები, დაბალი ფიზიკური აქტივობა და მჯდომარე ცხოვრების წესი.
 
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა გამოიყენონ, როგორც შესაძლებლობა, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.