მინიმალური ხელფასის დაწესების მიუხედავად, საქართველოში საექთნო პერსონალის შემცირების ტენდენცია გრძელდება.
ამას ადასტურებს საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჯანმრთელობის მაჩვენებლები, რომლებიც 2024 წლის ვითარებას ასახავს.
მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 21,3 ათასი ექთანია, წინა წელს 21,5 ათასი იყო, ხოლო 2022 წელს 22,0 ათასი.
რაც შეეხება ექიმებს, მათი რაოდენობა, 2024 წლის მაჩვენებლით, 24 100-ია, 2023 წელს 24 400 იყო, 2022-ში კი - 23900.
ამასთან, საქართველოში 239 საავადმყოფო და სამედიცინო ცენტრია, წინა წელს ეს რაოდენობა 243 იყო, 2022-ში - 269.
ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებათა რაოდენობა 2 288-ს შეადგენს და ბოლო წლებში მათი რიცხვი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
ცნობისთვის: 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.
რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებულია ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.