გერმანიამ გამოაცხადა, რომ 2026 წელს კვალიფიციური მედპერსონალის მოზიდვას გააგრძელებს. ვაკანსიები დასაქმების ვებსაიტებზე გამოქვეყნებული განცხადებების საფუძველზე განისაზღვრა.  ის, ვინც მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, გერმანიაში მუშაობის უფლებას მიიღებს. 

სულ 50,000 ადამიანის აყვანაა დაგეგმილი. 

ქვეყანამ გამოაცხადა ის სფეროები, სადაც კვალიფიციური პერსონალის დეფიციტია და ერთ-ერთი სფერო სწორედ ჯანდაცვაა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სპეციალიზებულ ექთნებზე.  ისინი წელიწადში 45,000 ევროდან 60,000 ევრომდე ანაზღაურებას მიიღებენ.

სპეციალიზირებული ექთნის მოვალეობაა პაციენტების, მათ შორის ხანდაზმულების მოვლა. დეფიციტურ სპეციალისტებს შორის სახელდება ფიზიოთერაპევტიც, რომლებიც სპორტულ ტრავმებზე, ნევროლოგიურ და ორთოპედიულ დარღვევებზე მუშაობენ.

გერმანია ასევე ეძებს პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებს, რომლებიც იმუშავებენ ხელოვნური ინტელექტის, ღრუბლოვანი სისტემების და კიბერუსაფრთხოების სექტორებში.

ასევე მუდმივი მოთხოვნაა მექანიკოსებზე საავტომობილო, წარმოებისა და ენერგეტიკის სექტორებში.
სამუშაოს მაძიებლებმა უნდა წარადგინონ სხვადასხვა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის სამუშაო ვიზის მისაღებად, დასაქმების მსურველი გერმანულ ენას სრულყოფილად უნდა ფლობდეს. გერმანული ენის B1 დონის მქონე პირები დასაქმდებიან კვალიფიციურ სამუშაოებზე.

დიპლომთან ან ექვივალენტ სერტიფიკატთან ერთად, აპლიკანტებმა ასევე უნდა წარადგინონ ჯანმრთელობის დაზღვევა და ნასამართლეობის ისტორია. 


განაცხადი უნდა შევიდეს გერმანიის საკონსულოში, საიდანაც, თანხმობის შემთხვევაში, დასაქმების მსურველს სამუშაო მოწვევას გაუგზავნიან. 


პროცესი ითვალისწინებს ენობრივ და სხვა საჭირო ინტერვიუებს, რათა აპლიკანტმა დაადასტუროს, რომ ის გერმანიაში კვალიფიციურ სამუშაოებზე სამუშაოდ შესაფერისი კადრია.