ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინებმა 150 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა - ამის შესახებ ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში, რომელიც იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს ეძღვნება.
„ვაქცინები დიდი ხანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. ბოლო 50 წლის განმავლობაში ვაქცინებმა 150 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა - არა შემთხვევით, არამედ იმიტომ, რომ ჩვეულებრივმა ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაეცვათ საკუთარი თავი, შვილები და თემები ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, დიფტერია, ყივანახველა, პოლიომიელიტი და როტავირუსი.
დღეს, მალარიის, ადამიანის პაპილომავირუსის, ქოლერის, დენგეს, მენინგიტის, რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ებოლას და მპოქსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინები კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს იხსნის და მეცნიერული მიღწევების წყალობით, ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანებს უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრებაში ეხმარება.
მსოფლიო იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, მოდით, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ზოგიერთი ოჯახური ტრადიცია ღირს იმად, რომ ერთი თაობიდან მეორეს გადაეცეს. თემატიკით „ვაქცინები ყველა თაობისთვის ეფექტურია“, მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული ხელს შეუწყობს იმის პოპულარიზაციას, თუ როგორ იცავდნენ ვაქცინები უსაფრთხოდ ადამიანებს, ოჯახებს და თემებს თაობების განმავლობაში და აგრძელებენ ჩვენი მომავლის დაცვას.
მსოფლიო იმუნიზაციის კვირეული, რომელიც ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, წელს იმართება სლოგანით „ვაქცინები ყველა თაობისთვის მუშაობს,“ - ნათქვამია განცხადებაში.





