დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სამწლიანი საპილოტე პროექტის „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში უწყვეტი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვის გზით“ ფარგლებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად 2024 წლიდან ხორციელდება აჭარის რეგიონში.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის მასშტაბით პროექტის გაფართოებისა და მისი მდგრადობის უზრუნველყოფის შესაძლო გზების განსაზღვრა.
ღონისძიებაზე განიხილეს დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნის დანერგვასთან დაკავშირებული წარმატებულ აქტივობები და პროექტის სამომავლო გეგმები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები, სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი, JICA-ს სათავო და საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის წიგნი არის სპეციალური პირადი სამედიცინო ჩანაწერი, სადაც ორსულობის პერიოდიდან ბავშვის ადრეულ ასაკამდე აღირიცხება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
მისი მიზანია ორსულობის მიმდინარეობის, მშობიარობის და ბავშვის განვითარების ერთიანად დაფიქსირება;
ექიმებსა და მშობლებს შორის უკეთესი კომუნიკაცია და მონიტორინგი;
დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის უწყვეტი კონტროლი დაბადებამდე და შემდგომ.
იაპონიაში ასეთი წიგნი უკვე დიდი ხანია გამოიყენება და ხელს უწყობს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უკეთ მართვას.





