კონკრეტულად ამ მწარმოებლის ვაქცინას აქვს გაფრთხილება - ვისაც აქვს გამოხატული ალერგიული რეაქცია კვერცხის კომპონენტებზე, მათთვის შეზღუდულია ამ ვაქცინის მიღება ან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმმა და ვაქცინაცია სათანადო მომზადებით ჩატარდეს, თუ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მეორე ფაქტორი - თუ ამავე ვაქცინის წინა დოზაზე ჰქონდა მძიმე ალერგიული რეაქცია. დანარჩენ შემთხვევაში, ალერგიული განწყობაც ვისაც აქვს, ამ ვაქცინის კარგი მიმღებლები არიან და გვერდითი მოვლენები არაა
იმ ადამიანებმა, რომლებსაც გამოხატული ალერგიული რეაქცია აქვთ კვერცხის კომპონენტების მიმართ, გრიპის ვაქცინის მიღება უნდა შეზღუდონ, თუკი ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა. ამ შინაარსის განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „იმედის დილის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, წელს, ისევე როგორც წინა წლებში, სახელმწიფომ გრიპის ვაქცინები ტენდერით შეიძინა და მწარმოებელიც (ფრანგული „სანოფი“) ასე შეირჩა.
„კონკრეტულად ამ მწარმოებლის ვაქცინას აქვს გაფრთხილება - მათთვის შეზღუდულია ამ ვაქცინის მიღება ან უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და ვაქცინაცია სათანადო მომზადებით ჩატარდეს, თუკი ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ზახაშვილმა და დასძინა, რომ ალერგიული კიდევ ერთი რისკ-ფაქტორია ალერგიული რეაქცია ამავე ვაქცინის წინა დოზაზე. დანარჩენ შემთხვევაში, მისი განმარტებით, ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა და არანაირი სერიოზული გვერდითი მოვლენა არ აქვს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც ალერგიული განწყობა გააჩნია.
რაც შეეხება კოვიდს, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ქვეყანაში ამ ვირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ზაფხულში კი მისი გავრცელება შედარებით მასშტაბური იყო. მისივე განცხადებით, ვარაუდი, რომ ზამთარში კოვიდის გავრცელება გაიზრდება, ამ ეტაპზე არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსებით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. აცრა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.