ღაზაში ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „კონფლიქტის შემდგომი დღისთვის“ ემზადება და აქვს მკაფიო ხედვა იმისა, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს. ამის შესახებ ჯანმოს რეგიონული დირექტორი ჰანან ბალხი აცხადებს. 


მისი თქმით, ღაზასთან დაკავშირებით მიმდინარე დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე „ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა იმედის სხივი, რომ ომის დასასრული ახლოსაა.“

ჯანმოს მონაცემებით, სექტორში არსებული 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 14 ფუნქციონრებს, ისიც - ნაწილობრივ, ელექტროენერგიის, წყლის, მედიკამენტების დეფიციტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო. 
ორგანიზაციის დახმარების მიუხედავად, პრობლემები სულ უფრო მწვავდება. პრობლემებს შორისაა სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების მიწოდება - ანტიბიოტიკებით დაწყებული, ბინტებით დამთავრებული.

სიტუაციას ართულებს შიმშილი და საკვების სიმცირე. პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, იანვრის შემდეგ არასაკმარისი კვების გამო 455 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 151 ბავშვია, ძირითადად 5 წლამდე ასაკის. ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს პირობებში, რომლებიც შიმშილთან ახლოსაა, მილიონზე მეტ მოქალაქეს კი სურსათის დეფიციტი აწუხებს. 


ბალხის თქმით, 10 ორსული ქალიდან 7 სათანადოდ არ იკვებება, ყოველი მეხუთე ბავშვი კი არასაკმარისი წონით იტანჯება, ძლიერდება ინფექციური დაავადებების გავრცელება. 


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორები მხარს უჭერენ სტაბილიზაციის სპეციალურ ცენტრებს, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს ეხმარებიან, თუმცა გრძელვადიანი აღდგენისთვის აუცილებელია სასურსათე სისტემების, წყალმომარაგების აღდგენა და სანიტარიის გაძლიერება.


ჯანმოს მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის აღდგენა 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება. ეს თანხები მიმართული უნდა იყოს როგორც ჰუმანიტარულ პასუხსა და ადრეული აღდგენაზე, ისე გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. 
ჯანმომ ღაზაში საკუთარი წარმომადგენლობა დატოვა და ყველა დაბომბვის დროს ადგილზე მუშაობდა. ის ღაზას ეხმარებოდა მედიკამენტებისა და მოწყობილობების მოწოდებაში, ასევე მოახდინა 8 ათასამდე მძიმე პაციენტის ევაკუაცია.

შეგახსენებთ: მედიაში ბოლო საათებში გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო გეგმის პირველი ფაზა ხელმოწერილია და ეს ფაზა ყველა მძევლის სწრაფ გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს.
„დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს ჩვენი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. ეს ნიშნავს, რომ ყველა მძევალს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზამდე გაიყვანს, რაც პირველი ნაბიჯი იქნება ძლიერი, მდგრადი და მარადიული მშვიდობისკენ. ყველა მხარეს სამართლიანად მოეპყრობიან!“- წერს ტრამპი Truth Social-ზე.