ქვეყანაში პანდემიის შემდგომ პერიოდში ფიტნეს-მომსახურების ბაზარი მინიმუმ 2-ჯერ გაიზარდა და ზრდას განაგრძობს. თუმცა სექტორი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით - გადასახადების ზრდის კუთხით, რაც ამ სფეროზე მასობრივ ხელმისაწვდომობას ზღუდავს. ამიტომ სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დასავლეთის ქვეყნების პრაქტიკის მსგავსად, მათზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები უნდა მოქმდებდეს, რადგან საუბარია დარგზე, რომელსაც მოსახლეობაში დაავადებების პრევენცია შეუძლია. ეს კი გართულებული შემთხვევების შემცირებას და მომავალში ჯანდაცვაზე ხარჯების შემცირებას უკავშირდება.
საკითხზე ჟურნალთან „ბიზნესი და მენეჯმენტი“ საუბრობს ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ქსელის, „სნეპ ფიტნესის“ დირექტორი სოფო სოლოღაშვილი. მისი თქმით, ცხოვრების ჯანსაღ წესზე ზრუნვა სულ უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება პრიორიტეტული, რაც მოთხოვნაზეც აისახება.
„ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ ტერმინი „ტრენდული“ უკვე უხეშადაც ჟღერს, რადგან თანამედროვე ცხოვრებაში ეს ინდივიდების მოთხოვნილება და მათი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ადამიანებმა უკვე ბევრი რამ ისწავლეს ამ კუთხით - იციან, რა არის პირადად მათთვის მნიშვნელოვანი - ყველასთვის არაა სიმძიმეები, ზოგს იოგა სჭირდება, ზოგს კარდიო ვარჯიშები, ზოგს პილატესი და ა.შ. ცნობიერება შეიცვალა. ბევრი დარბაზი გაიხსნა და კონკურენციის ზრდამაც თამასა ასწია. ბევრი რამ შეცვალა კოვიდმა - ჩვენ გვეგონა, რომ პანდემიის შემდეგ ადამიანები ისევ სახლებში გააგრძელებდნენ ვარჯიშს, მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა - დარბაზებში
გადაინაცვლეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც ფიტნეს-ცენტრებს კოვიდამდე არ სტუმრობდნენ. გარდა ამისა, კოვიდის შემდეგ ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგალითად, თუ ადრე სპორტ-დარბაზებში, ძირითადად წონის დასაკლებად ან სხეულის რომელიმე ნაწილის ფორმის გასაუმჯობესებლად დადიოდნენ,
ახლა დარბაზებში ადამიანები იმისთვის დადიან, რომ მეტად ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. სხვადასხვა სპეციალობის ექიმები - კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები და სხვები - პაციენტებს ვარჯიშს როგორც სამკურნალო საშუალებას, ისე უნიშნავენ. შესაძლოა, ადამიანი სპორტდარბაზში არ დადიოდეს და არც
ვარჯიშობდეს და მაგალითად, მხოლოდ სეირნობდეს. ესეც ფიზიკურ აქტივობად ითვლება. ასე რომ, მოთხოვნა ძალიან იზრდება და, შესაბამისად, ახალი ცენტრებიც ჩნდება,“ - აცხადებს იმ ქსელის დირექტორი, რომელსაც წელს საქართველოში ოპერირების დაწყებიდან 10 წელი უსრულდება.
რაც შეეხება იმას, რამდენად მიმზიდველია ეს სექტორი საინვესტიციოდ, სოფო სოლოღაშვილის თქმით, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ბიზნესი ძალიან მიმზიდველია, თუმცა ბევრ ინვესტიციასაც მოითხოვს.
„ბევრს უჩნდება სურვილი, დაიწყოს ეს საქმე, მაგრამ არცთუ ცოტა აწყდება იმ რეალობას, რა თანხა შეიძლება დაუჯდეს ამ ბიზნესის დაწყება და უკან იხევს. კიდევ ერთი ფაქტორია - ძირითადად, მოთხოვნა დიდ ფიტნეს-ცენტრებზეა და მცირე მასშტაბის დარბაზები ვერ უძლებენ კონკურენციას. ობიექტები ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული. მართალია, რეგიონებშიც დაიწყო სექტორმა განვითარება, მაგრამ უმეტესად მოთხოვნა დედაქალაქშია,“ - აღნიშნა „„სნეპ ფიტნესის“ დირექტორმა ჟურნალთან „ბიზნესი და მენეჯმენტი.“
რაც შეეხება ფასებს, სოფო სოლოღაშვილის თქმით, საქართველოში ეს სფერო მასობრივი მოხმარებით არ ხასიათდება, თუმცა ცენტრები ცდილობენ, შეთავაზებები შედარებით დაბალშემოსავლიან მომხმარებლებსაც მოარგონ. მაგალითად, „სნეპ ფიტნესში“ 1-თვიანი აბონემენტი 189 ლარი ღირს, თუმცა 3, 6 და 12-თვიანი პაკეტის შეძენის შემთხვევაში ერთი თვის ტარიფი 120 ლარამდე მცირდება. ამასთან, კომპანიამ თანამშრომლობა
დაიწყო ბანკებთან და შესაძლებელია აბონემენტის თანხის გადანაწილებაც.
მისივე თქმით, სექტორს არაერთი პრობლემაც აქვს, რომელიც როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სერვისის ხელმისაწვდომობას უშლის ხელს. პირველ რიგში, ესაა მაღალი კომუნალური და სხვა გადასახადები. სოფო სოლოღაშვილი ამბობს, რომ წლიდან წლამდე იზრდება იჯარის ქირა, თანამშრომლების ხელფასები, მაღალი გადასახადების პირობებში კი ეს ყველაფერი ბიზნესის მომგებიანობაზე ნეგატიურად აისახება.
„ასეთ პირობებში მომგებიანობა იკლებს. იყო საუბრები ჩვენი ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათებზე, მაგრამ ეს საკითხი რეალურად დღის წესრიგში არ დამდგარა. არადა ევროპის ქვეყნებში და ამერიკის გარკვეულ შტატებში არსებობს ასეთი პრაქტიკა. იმედია, მოვა დრო, როცა დაფასდება ეს სფერო და მეტი განვითარების შესაძლებლობა გვექნება,“ - აღნიშნა „სნეპ ფიტნესის“ დირექტორმა.